ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის შეჩერება თუ გსურთ, შეწყვიტეთ რუსეთთან ვაჭრობა, ჩინეთს ამის გაკეთება შეუძლია, შეერთებულ შტატებსაც
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა ტერიტორიული დათმობების საკითხზე და აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარი მიწისა და დამოუკიდებლობის დათმობას არ აპირებს.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ აგრესორისთვის ჩვენი მიწის დათმობა გვინდოდა, ამის გაკეთება ჯერ კიდევ 2022 წელს შეგვეძლო. ვფიქრობ, ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ აჩვენა მტკიცე მზადყოფნა, დაეცვა საკუთარი სახლები, სამშობლო, ოჯახები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ეს ომის განმავლობაში არაერთხელ დავამტკიცეთ და ამ პრინციპების ერთგულნი ვრჩებით. თქვენ ნახეთ ჩინეთი და შეერთებული შტატები, ნახეთ მათ შორის სავაჭრო ურთიერთობები. თუ რუსეთის შეჩერება გსურთ, შეწყვიტეთ რუსეთთან ვაჭრობა. ჩინეთს ამის გაკეთება შეუძლია. შეერთებულ შტატებსაც შეუძლია. სულ ეს არის. ჩვენი შეფასებით, რუსეთი ომის წარმოებაზე წელიწადში 300 მილიარდ დოლარს ხარჯავს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა დონალდ ტრამპისგან მიწვევას მიიღებს და „დიდი ოცეულის“ ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას შეძლებს. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან უკვე მიიღო სიგნალები, რომ მათ უკრაინის მონაწილეობა სურთ.
„იმედი მაქვს, შეერთებული შტატები უკრაინასაც მიიწვევს. თუ მიგვიწვევენ, რა თქმა უნდა, ჩემს ქვეყანასა და ხალხს წარმოვადგენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, დაუძახია თუ არა ოდესმე ტრამპს მისთვის მეგობარი, ზელენსკიმ დადებითად უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევას ვერ იხსენებს.
„მგონი, კი. პრობლემა ისაა, რომ არ მახსოვს. მან ბევრი სხვადასხვა სიტყვა მითხრა. მათ შორის იყო პოზიტიურიც“, – აღნიშნა ზელენსკიმ.