ემანუელ მაკრონი – რუსეთის პოზიციის მაქსიმალისტური ხასიათის გათვალისწინებით, ვფიქრობ, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი კვლავ უნდა დავაყენოთ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის ხელახლა განხილვის ინიციატივით გამოდის.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინის ინფრასტრუქტურაზე განგრძობადი თავდასხმებისა და მოსკოვის მაქსიმალისტური მოთხოვნების ფონზე, მთავარი პრიორიტეტი უკრაინისთვის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა უნდა იყოს.
მაკრონის თქმით, მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უკრაინას რუსეთის თავდასხმებისგან თავის დასაცავად და წინააღმდეგობის გასაწევად ყველა საჭირო საშუალება ჰქონდეს.
„ამ კოალიციის ყველა წევრმა, ყველა იმ წარმომადგენელმა, რომელიც დღეს ამ ოთახში იმყოფება, მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უკრაინას წინააღმდეგობის გასაწევად საჭირო შესაძლებლობები მიაწოდოს. ეს უმაღლესი პრიორიტეტია. რუსეთის პოზიციის მაქსიმალისტური ხასიათის გათვალისწინებით, ვფიქრობ, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი კვლავ უნდა დავაყენოთ. ახლა ამისთვის შესაფერისი დროა. ეს საკითხი 2022 წლის პირველ კვარტალში, სრულიად განსხვავებულ ვითარებაში, დღის წესრიგიდან მოიხსნა. ვფიქრობ, დღეს ეს საკითხი აქტუალურია, მათ შორის ჩვენთვის, ევროპელებისთვისაც, რადგან უკრაინა იქნება ქვეყანა, რომელსაც ძლიერი შეიარაღება და დიდი არმია ეყოლება. ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის კი მისი ნატო-ში ყოფნა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მაკრონმა.