„ევრონიუსი“ – ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის ათწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს
ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის ათწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს და მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების საფუძვლად განიხილება, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
აღნიშნულ გამოსაცდელ პერიოდში ახალ წევრ ქვეყნებს შესაძლოა, ხმის მიცემის უფლება შეუჩერდეთ, თუ ისინი კანონის უზენაესობის პრინციპებს სერიოზულად დაარღვევენ ან ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღებას ხელს შეუშლიან.
„ევროკომისიამ წინადადება გასულ თვეში წარადგინა, რათა თავიდან აიცილოს უნგრეთის გამოცდილების გამეორება. ვიქტორ ორბანის მთავრობის დროს ქვეყანა ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს არღვევდა და არაერთხელ გამოიყენა ვეტოს უფლება იმ გადაწყვეტილებების დასაბლოკად, რომელთა მისაღებადაც ერთსულოვნებაა საჭირო“, – წერს „ევრონიუსი“.
თავდაპირველად ევროკომისია 15-წლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას სთავაზობდა, თუმცა რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის იტალია და ჯგუფ „დასავლეთ ბალკანეთის მეგობრების“ სხვა წევრები, რომლებიც რეგიონის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერენ მხარს, მიიჩნევდნენ, რომ ასეთი ხანგრძლივი პერიოდი ძნელად თუ ჩაითვლებოდა დროებით ზომად. ირლანდიამ, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით წევრ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს, ვადის ათ წლამდე შემცირება და დამატებით ხუთი წლით გაგრძელების შესაძლებლობა შესთავაზა. ამ წინადადებას ევროკავშირის ელჩების ფართო მხარდაჭერა მოჰყვა.
ევროკავშირის დიპლომატის ინფორმაციით, რომელსაც მოლაპარაკებების შესახებ უშუალო ინფორმაცია აქვს, ელჩებმა კომპრომისისთვის გაცილებით მეტი მზაობა გამოავლინეს, ვიდრე იმ ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც დეტალებზე კვირების განმავლობაში მუშაობდნენ.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, ყველაზე მწვავე კამათს იწვევს ის, თუ რა გახდება ხმის უფლების შეჩერების საფუძველი. მონტენეგრომ, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფი ქვეყანაა, გააფრთხილა მხარეები, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ობიექტურ კრიტერიუმებსა და ევროკავშირის ღირებულებებისა და წესების სისტემატურ დარღვევებს უნდა ეფუძნებოდეს.
რამდენიმე წევრი სახელმწიფო, რომელიც კანდიდატი ქვეყნების მიმართ კეთილგანწყობილია, ეწინააღმდეგება იმას, რომ დარღვევათა ჩამონათვალში მოხვდეს „კეთილსინდისიერი თანამშრომლობის“ პრინციპის დარღვევა. ევროკავშირის ხელშეკრულებით ეს პრინციპი წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, კეთილსინდისიერად ითანამშრომლონ და კავშირის მიზნებს საფრთხე არ შეუქმნან. ამ ქვეყნების აზრით, ასეთი დარღვევების ობიექტურად შეფასება რთულია. ისინი ასევე ეწინააღმდეგებიან ახალი წევრებისთვის ხმის მიცემის უფლების სრულად შეჩერებას. მათი შიშით, ეს მექანიზმი შესაძლოა, გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ ახალ წევრებს აიძულონ, უარი თქვან თავიანთ ეროვნულ ინტერესებთან ახლოს მდგომ პოზიციებზე, რაც ევროკავშირის წევრებს შორის, ფაქტობრივად, მეორე კატეგორიის შექმნას გამოიწვევდა.
ირლანდიამ ასევე შესთავაზა ცვლილება იმ პროცედურაში, რომლითაც დამცავი მექანიზმი ამოქმედდება. მისი წინადადებით, გადაწყვეტილებები კვალიფიციური უმრავლესობით უნდა მიიღებოდეს, რაც ნიშნავს წევრი ქვეყნების უმრავლესობას, რომლებიც ევროკავშირის მოსახლეობის, სულ მცირე, 65 პროცენტს წარმოადგენენ. ამ საკითხზეც წევრ სახელმწიფოებს ძლიერი წინააღმდეგობა არ გამოუხატავთ.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, ახლა დისკუსიები მომავალი წევრებისთვის ზოგადი წესებიდან, კონკრეტულად მონტენეგროს შემთხვევაზე გადაინაცვლებს. ირლანდიის წინადადება საფუძვლად დაედება მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ დამცავ მექანიზმებს.
ევროკომისია გეგმავს, რომ აღნიშნული დოკუმენტი 2027 წლის ივნისისთვის გაფორმდეს. მოსალოდნელია, რომ ოფიციალური პირები შესაბამისი ნაწილის, ხელშეკრულების 35-ე თავის პროექტზე პირველ ტექნიკურ განხილვას მომავალი კვირის დასაწყისში გამართავენ. ამ საკითხზე მოლაპარაკებებში მონაწილეობის უფლება მონტენეგროს არ აქვს.
ჯერჯერობით გაურკვეველია, ეს დამცავი მექანიზმები სპეციალურად მონტენეგროსთვის იქნება შემუშავებული, თუ მომავალში ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ყველა ქვეყნისთვის სავალდებულო გახდება.