შექმნეს ელექტროსავარცხელი, რომელმაც ექსპერიმენტებში თაგვებს თითქმის 100 პროცენტით ამოუყვანა გაცვენილი თმა — #1tvმეცნიერება

17:12, 17.11.2026

თუ თმა გცვივათ, შესაძლოა, სავარცხელს ისე ხშირად აღარ იყენებდეთ, როგორც ადრე.

თუმცა, ეს სიტუაცია შეიძლება მალე შეიცვალოს.

ჩინელმა მეცნიერებმა თმის ცვენასთან ბრძოლის ახალი გზა წარმოგვიდგინეს, რომლის მთავარი კომპონენტიც სწორედ სავარცხელია.

თუმცა, ის ჩვეულებრივი სავარცხელი არ არის. ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულ კვლევაში წარმოდგენილი სისტემა, სახელად Detangle არის სავარცხლის ფორმის სპეციალური ბიოელექტრონული მოწყობილობა.

„ეს სისტემა აღჭურვილია ელექტრონული კბილებით, რომლებშიც ჩაშენებულია სიმაღლეზე დიფერენცირებული ელექტროდები და ინტეგრირებული პრეპარატის ჩატვირთვის მოდულები, რომლებიც წარმოქმნიან გაძლიერებულ ელექტრულ ველს, რომელიც თმის ფოლიკულის რეგიონებში დაახლოებით 9-ჯერ უფრო ღრმად აღწევს, ვიდრე ჩვეულებრივი გარეგანი გამოყენების შემთხვევაში“, — წერენ პუბლიკაციაში მისი შემქმნელები, პეკინის ბეიჰანგის უნივერსიტეტის მკვლევრები.

მიუხედავად იმისა, რომ Detangle მხოლოდ თაგვებზე ექსპერიმენტებში დაიტესტა, შედეგები მიუთითებს, რომ ეს ელექტროსავარცხელი პოტენციურად შეიძლება იყოს მძლავრი ხელსაწყო ანდროგენეტიკურ ალოპეციასთან ბრძოლაში, რომელიც მსოფლიოში მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს.

სხვადასხვა სიგრძის კბილებიდან მოწყობილობა წარმოქმნის პულსირებად ელექტრულ ველებს. მკვლევართა განცხადებით, სხვაობა კბილების სიგრძეებს შორის, წარმოქმნის ელექტრულ ველს, რომელიც 2,63-ჯერ ძლიერია, ვიდრე ერთნაირი სიგრძის კბილების შემთხვევაში იქნებოდა.

თმის ხელახალი ზრდის თვალსაზრისით, Detangle ორი სხვადასხვა გზით მოქმედებს.

კბილებიდან წამოსული ელექტრული პულსები თმის ზრდას ხელს უწყობს ფოლიკულების სტიმულირების გზით, მაგრამ მონაცვლეობით განლაგებული მოკლე კბილები ასევე აღჭურვილია წამლის მიწოდების სისტემით, რომელსაც შეუძლია თერაპიული მოლეკულების კანში ღრმად შეყვანა; ეს ხორციელდება ელექტროპორაციის პროცესის შედეგად, რაც დროებით ზრდის უჯრედის მემბრანის შეღწევადობას.

ელექტრული სტიმულაციის შესავსებად, ცდებში გამოყენებული იყო ორი სხვადასხვა სახის ექსპერიმენტული გენეტიკური ზემოქმედება: VEGFA პლაზმიდი, რომელიც ასტიმულირებს სისხლძარღვების ზრდას თმის ფოლიკულების გარშემო და SRD5A2 siRNA, რომელიც თრგუნავს ჰორმონს, რაც თმის ფოლიკულების დაპატარავებას იწვევს.

თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში, მთლიანი სისტემის კომბინირებულმა ეფექტებმა შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა.

ტესტოსტერონის ზემოქმედებით გამოწვეული თმის ცვენის მქონე მამრი თაგვების შემთხვევაში, 28-დღიანი ექსპერიმენტის განმავლობაში, მკურნალობის გარეშე დარჩენილ ცხოველებს ზურგის გაპარსულ უბანზე თმის საფარი მხოლოდ დაახლოებით 1 პროცენტით აღუდგათ.

თაგვებს, რომლებსაც მხოლოდ Detangle-ის ელექტროსტიმულაცია ჩაუტარეს, თმის 40-პროცენტიანი ზრდა აღენიშნათ, რაც გაცილებით უკეთესი შედეგია.

თუმცა, მხოლოდ ელექტრულმა სტიმულაციამ უფრო ნაკლები ზრდა განაპირობა, ვიდრე ეს დაფიქსირდა თაგვებში, რომლებმაც მიიღეს თმის ზრდის პრეპარატები — ფინასტერიდი და მინოქსიდილი — პირველ ჯგუფში თმის ამოყვანის მაჩვენებელი 50 პროცენტი იყო, მეორეში კი 70 პროცენტი.

Detangle-ს ელექტოსტიმულაციის ყველაზე ძლიერი შედეგები დადო თერაპიულ მოლეკულებთან კომბინაციამ. პრეპარატებთან ინდივიდუალურად კომბინაციაში, SRD5A2 siRNA-მა განაპირობა თმის 85-პროცენტიანი ხელახლა ზრდა, VEGFA-პლაზმიდმა კი 90-პროცენტიანი.

თუმცა, ცხოველებში, რომლებმაც Detangle-ს სრული მკურნალობა ჩაუტარდათ — ელექტროსტიმულაცია ორ ექსპერიმენტულ თერაპიასთან (VEGFA პლაზმიდი და SRD5A2 siRNA) კომბინაციაში — თმის ხელახლა ზრდამ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია — მკვლევართა განცხადებით, თმის აღდგენის მაჩვენებელი 97,85 პროცენტი იყო.

„თაგვებში ეს მიდგომა თმის ხელახლა ზრდას თითქმის 100 პროცენტით აჩქარებს სულ რაღაც ერთ თვეში — აჭარბებს ამჟამად არსებულ ორალურ და გარეგან პრეპარატთა მიერ მიღწეულ შედეგებს“, — წერენ მკვლევრები.

ეს გახლავთ კონცეფციის ძალიან იმედის მომცემი დადასტურება, თუმცა უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, დაადასტურებს თუ არა შემდგომი კვლევები, რომ Detangle-ის სისტემაში გამოყენებული მეთოდები ადამიანებისთვის უსაფრთხო და ეფექტიანია.

თუმცა, თუ შემდეგმა ტესტირებებმა ეს ყველაფერი დაადასტურა, სიმელოტე შეიძლება წარსულს ჩაჰბარდეს.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი