კლინიკური კვლევების ბოლო ფაზაში, თმის ცვენის ახალმა ორალურმა პრეპარატმა შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა — #1tvმეცნიერება
ხანგრძლივი მოქმედების მინოქსიდილის აბმა, სახელად VDPHL01-მა, მამაკაცებში პლაცებოთი კონტროლირებული მეორე დიდი ცდა გაიარა და შესაძლოა, თმის ცვენის პირველი ახალი აბი გახდეს, რომელიც FDA-მ ბოლო 30 წლის განმავლობაში დაამტკიცა. 2026 წლის 19 ოქტომბერს, ფარმაცევტულმა კომპანია Veradermics-მა განაცხადა, რომ კაცები, რომლებიც მას დღეში ორჯერ იღებდნენ, ექვს თვეში კვადრატულ სანტიმეტრზე საშუალოდ 36,4 პროცენტით მოემატათ თმა, პლაცებოს ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 6,6 პროცენტი იყო.
ასეთი შედეგები ყურადღების ცენტრში აქცევს ორალურ მინოქსიდილს, ათწლეულების წინანდელ სისხლის წნევის პრეპარატს, რომელსაც დერმატოლოგები უკვე უნიშნავენ შეთხელებული თმის მქონე პაციენტებს. სტატიაში მოგიყვებით, რა არის ორალური მინოქსიდილი, რით განსხვავდება VDPHL01, რას აჩვენებს ახალი მონაცემები და რას ნიშნავს ეს ყველაფერი თმის ცვენის პრობლემის წინაშე მყოფთათვის.
რა არის ორალური მინოქსიდილი?
ორალური მინოქსიდილი არის იმავე აქტიური ინგრედიენტების შემცველი აბი, რაც გარეგანი გამოყენების „როგეინში“ შედის. FDA-მ ის 1979 წელს დაამტკიცა მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ და ექიმებმა მალევე შენიშნეს გვერდითი ეფექტი — პაციენტებს უფრო მეტი თმა ეზრდებოდათ. ამ დაკვირვებების შედეგად გაჩნდა გარეგანი გამოყენების ის ქაფი და ხსნარი, რომელსაც დღეს ბევრი იყენებს.
ბოლო წლებში, მრავალი დერმატოლოგი და თმის აღდგენის ექიმი ნიშნავს დაბალი დოზის ორალურ მინოქსიდილს თმის ცვენის წინააღმდეგ. ეს დოზა ძალიან მცირე ნაწილია იმისა, რასაც სისხლის წნევის სამკურნალოდ იყენებენ. ხშირად პაციენტებს ყოველდღიურად ტაბლეტის მიღება ურჩევნიათ, ვიდრე დღეში ორჯერ სკალპზე სითხის ან ქაფის წასმა.
მინოქსიდილი არ ბლოკავს დიჰიდროტესტოსტერონს (DHT) — ანდროგენეტიკური ალოპეციის გამომწვევ ჰორმონს. ამის ნაცვლად, ის აუმჯობესებს ფოლიკულებთან სისხლის მიმოქცევას და ახანგრძლივებს თმის აქტიური ზრდის ფაზას. ვინაიდან არაჰორმონულია, არ აქვს სექსუალური გვერდითი მოვლენები, რის შესახებაც ბევრი კაცი წუხს კიდევ ერთი პრეპარატის — ფინასტერიდის შემთხვევაში.
საქმე ისაა, რომ მინოქსიდილის ჯენერიკული, პერორალური ფორმა წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ტაბლეტს, რომელიც არტერიული წნევისთვისაა განკუთვნილი. თითოეული დოზის მიღებიდან მალევე, სისხლში მისი დონე მკვეთრად იმატებს და ეს მომატება დაკავშირებულია ისეთ გვერდით ეფექტებთან, როგორიცაა გულისცემის აჩქარება, სითხის შეკავება და თავბრუსხვევა. FDA-ს მიერ ის თმის ცვენისთვის არაა დამტკიცებული, შესაბამისად, არ არსებობს ამ მიზნით გამოყენებისთვის განსაზღვრული დოზა.
რა არის VDPHL01?
VDPHL01 არის კვლევის პროცესში მყოფი ხანგრძლივი მოქმედების მინოქსიდილის ტაბლეტი კონეკტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-ჰევენში ბაზირებული ბიოტექნოლოგიური კომპანია Veradermics-ისგან. მას ანდროგენეტიკურ ალოპეციაზე სწავლობენ როგორც კაცებში, ისე ქალებში.
ტაბლეტი იყენებს საკუთარ გელურ მატრიცას, რომელიც დღის განმავლობაში მინოქსიდილს ნელა გამოყოფს.
Veradermics-ის განცხადებით, ეს თავიდან გვაცილებს სისხლში მინოქსიდილის (მყისიერი გამოთავისუფლების ფორმის) კონცენტრაციის მაღალ პიკურ მაჩვენებლებს, მაგრამ პრეპარატს დიდხანს ინარჩუნებს თმის ზრდისთვის საჭირო დონეზე მაღლა. მისი მიზანია უკეთესი შედეგები ნაკლები გვერდითი ეფექტით, განსაკუთრებით კარდიოლოგიური.
- ტიპი: არაჰორმონული; არ ცვლის DHT-ის ან სხვა ჰორმონების დონეს
- შესწავლილი დოზა: კაცებში 8,5 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ; ქალებში 4,5 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ
- სტატუსი: კვლევის პროცესში; FDA-ს ჯერ არ დაუმტკიცებია, არ არის შესაძლებელი ყიდვა ან დანიშნვა.
როგორ მუშაობს
VDPHL01 თმის ფოლიკულებს ზრდის ფაზას უხანგრძლივებს, ამიტომ შეთხელებული და დამოკლებული თმები კვლავ სქელდება და გრძელი იზრდება. ამას ის ისე აკეთებს, რომ არ ეხება ანდროგენეტიკური ალოპეციის გამომწვევ ჰორმონებს.
ანდროგენეტიკური ალოპეცია მაშინ ჩნდება, როცა დიჰიდროტესტოსტერონი (DHT) თანდათანობით ავიწროებს გენეტიკურად მგრძნობიარე ფოლიკულებს — ამ პროცესს მინიატურიზაცია ეწოდება. ზრდის თითოეული ციკლი უფრო მოკლდება, ხოლო თითოეული ღერი — უფრო წვრილი ხდება; ეს იქამდე გრძელდება, ვიდრე ფოლიკული ხილული თმის წარმოქმნას არ შეწყვეტს. მინოქსიდილი ამ განტოლების მეორე მხარეს მოქმედებს:
- ახანგრძლივებს ზრდის (ანაგენი) ფაზას, ამიტომ თითოეული თმა უფრო გრძელი იზრდება, ვიდრე დაცვივა.
- აფართოებს შევიწროებულ ფოლიკულებს, რის შედეგადაც, თმის ღერი მსხვილდება.
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ფოლიკულის გარშემო, როგორც სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალება, რომელიც მცირე ზომის სისხლძარღვებს აფართოებს.
მინოქსიდილი ასევე უნდა გარდაიქმნას თავის აქტიურ ფორმად — მინოქსიდილის სულფატად, რასაც ფერმენტი ახორციელებს. გარეგანი გამოყენების მინოქსიდილის შემთხვევაში, ეს სკალპში ხდება, სადაც ფერმენტების რაოდენობა ძლიერ ცვალებადია ადამიანიდან ადამიანამდე. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ის ზოგიერთი ადამიანისთვის ნაკლებად ეფექტიანი. ორალურად მიღების დროს, მინოქსიდილი ძირითადად ღვიძლში აქტიურდება, შესაბამისად შეიძლება იმუშაოს იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც გარეგანი გამოყენების ფორმაზე არ რეაგირებდნენ.
VDPHL01-ის ხანგრძლივი მოქმედების დიზაინის მიზანია დღის განმავლობაში მინოქსიდილის იმ დონეზე შენარჩუნება, რაც თმის ზრდისთვისაა საჭირო, დონის ყოველგვარი მკვეთრი მატების გარეშე, რაც სტანდარტულ ტაბლეტს ახასიათებს. Veradermics-ის განცხადებით, სწორედ ეს პიკური მატებები განაპირობებს გულთან დაკავშირებულ გვერდით ეფექტთა უმეტესობას.
რა შეუძლია და რა არ შეუძლია
VDPHL01 თმის გათხელების სამკურნალო საშუალებაა და არა სიმელოტის განკურნების. გაითვალისწინეთ მოლოდინები იმის შესახებ, თუ რაზე ჩატარდა ცდები რეალურად — ზრდასრულებზე, რომლებსაც ექვსი თვის განმავლობაში აღენიშნებოდათ თმის ცვენა (ანდროგენეტიკური ხასიათის) მსუბუქიდან ზომიერ ხარისხამდე.
რა შეუძლია
- მინიატურიზებული თმის გასქელება და სიგრძეში ზრდა
- თმის რაოდენობის ზრდა შეთხელებულ ზონებში (დაახლოებით 29-36 ღერი კვადრატულ სანტიმეტრზე)
- მიღების შენარჩუნების შემთხვევაში, შემდგომი შეთხელების შენელება
- მოქმედებს ჰორმონის დონის ცვლილების გარეშე
- აჩვენებს გაზომვად შედეგებს ორ თვეშიც კი
რა არ შეუძლია
- თმის ამოყვანა იქ, სადაც ფოლიკულები უკვე დაკარგულია (პრიალა მელოტი ზონები)
- გამომწვევი მიზეზის შეჩერება; DHT ფოლიკულებზე ზემოქმედებას განაგრძობს
- მოქმედების გაგრძელება მიღების შეწყვეტის შემდეგ; მიღწეული შედეგი სავარაუდოდ რამდენიმე თვეში გაგცვივათ
- დაკარგული თმის ხაზის აღდგენა ან გამელოტების მოწინავე სტადიის დამოუკიდებლად შევსება
- ყველასთვის ერთნაირად მოქმედება; რეაქცია ცვალებადია
პრაქტიკული დასკვნა: VDPHL01 ყველაზე გამოსადეგია მათთვის, ვისი ფოლიკულებიც ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ დაპატარავებული. ადამიანს, რომელსაც თმის საფარის მნიშვნელოვნად გაცვენილი უბნები აქვს, ამ ადგილებში სიმკვრივის აღსადგენად, სავარაუდოდ გადანერგვა დასჭირდება, ხოლო მედიკამენტები დარჩენილი თმის შენარჩუნებაში დაეხმარება.
აბი vs გარეგანი გამოყენების მინოქსიდილი
ორალური და გარეგანი მინოქსიდილი თმას დაახლოებით ერთნაირად კარგად ზრდის; აბის ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ ადამიანები მას ნამდვილად სვამენ. VDPHL01 პირდაპირ გარეგან მინოქსიდილთან არ შედარებულა, ამიტომ საუკეთესო შედარებები მომდინარეობს ჯენერიკულ ორალურ მინოქსიდილზე ჩატარებული კვლევებიდან.
2024 წელს JAMA Dermatology-ში გამოქვეყნებულ რანდომიზებულ ცდაში, კაცები იღებდნენ დღეში ერთხელ 5 მგ მინოქსიდილის აბს ან 5%-იან გარეგან მინოქსიდილს დღეში ერთხელ, 24 კვირის განმავლობაში; თითოეულ ჯგუფს ჰყავდა სხვა ფორმის პლაცებოს ჯგუფი. თმის საერთო სიმკვრივის მატება მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა. ფოტოებით შეფასებაში, აბმა უკეთესად იმუშავა გვირგვინზე, მაგრამ არა სკალპის წინა ნაწილზე. კვლევა პატარა იყო — დაასრულა 90 კაციდან 68-მ.
მინოქსიდილი მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა იყენებთ, გარეგანი ფორმის გამოყენებას ბევრი ადამიანი თავს ანებებს. ერთ მიმოხილვაში, რომელშიც მიმოიხილეს 400 ადამიანი, რომლებსაც გარეგანი მინოქსიდილი ჰქონდათ დანიშნული, 86%-მა გამოყენება შეწყვიტა, ხშირად გვერდითი ეფექტების ან მობეზრების გამო. 100 კაცზე ჩატარებულ პატარა შედარებაში დაადგინეს, რომ აბის ერთგული 90 პროცენტი რჩება, გარეგანის კი 80%. პრეპარატმა, რომელიც ქაღალდზე ძლიერი არაა, შეიძლება მაინც უკეთესი შედეგი მოგვცეს, თუ ადამიანი მისი ერთგული დარჩება.
JAMA-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, აბმა განაპირობა უფრო მეტი არასასურველი თმა სხეულზე (49% vs. 24%) და თავის ტკივილი (14% vs. 2%). გარეგანმა გამოიწვია სკალპის მეტი ეგზემა (16% vs. 2%). VDPHL01-ის ნელი მოქმედების დიზაინი განაპირობებს აბის გვერდითი ეფექტების შემცირებას, მაგრამ ის არ შედარებულა უშუალოდ (პირდაპირ) ჯენერიკულ ორალურ მინოქსიდილს.
კაცებში კლინიკური ცდების მესამე ფაზის შედეგები
კვლევამ, სახელად ‘304’, დააკმაყოფილა მისი ყველა ძირითადი და მეორადი მიზნები; შედეგები ახლოსაა ადრეული ცდის, ‘302’-ს შედეგებთან, რომლებიც 2026 წლის აპრილში გამოქვეყნდა. საერთო ჯამში, ორივე კვლევაში მონაწილეობდა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ანდროგენეტიკური ალოპეციის მქონე 1000-ზე მეტი კაცი.
კვლევა ‘304’-ში მონაწილე 536 კაცს შემთხვევითობის პრინციპით დაუნიშნეს ერთ ნაწილს 8,5 მგ VDPHL01 დღეში ერთხელ, 8,5 მგ დღეში ორჯერ ან პლაცებო ექვსი თვის განმავლობაში. არცერთმა პაციენტმა ან მკვლევარმა არ იცოდა, ვინ რას სვამდა. მთავარი საზომი იყო თმის სისქის ცვლილება სკალპის განსაზღვრულ უბნებში, რასაც „სამიზნე უბანში თმების რაოდენობა“ (TAHC) ეწოდება; ასევე, აფასებდნენ თუ არა პაციენტები საკუთარი თმის საფარს გაუმჯობესებულად.
VDPHL01-ის მე-3 ფაზის შედეგები კაცებში

VDPHL01-ის ყველა შედეგმა პლაცებო მაღალი სტატისტიკური მნიშვნელობით (p<0.0001) დაჯაბნა. აღსანიშნავია, რომ პრეპარატი პლაცებოს უკვე მე-2 თვეს გაემიჯნა — ეს იყო გაზომვის ყველაზე ადრეული პერიოდი. როგორც წესი, გარეგან მინოქსიდილს 4-6 თვე სჭირდება, ვიდრე ადამიანები შედეგებს დაინახავენ. ამიტომ, უფრო ადრეული სიგნალი მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ზედმეტად ადრე ნებდებიან.
უსაფრთხოება და გვერდითი ეფექტები
„304“-ე კვლევაში „Veradermics“-მა ვერ დააფიქსირა მკურნალობასთან დაკავშირებული არცერთი სერიოზული არასასურველი მოვლენა და არცერთი ისეთი არასასურველი მოვლენა გულის მხრივ, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა. ეს კი უმნიშვნელოვანესია, რადგან გულთან დაკავშირებული ეფექტები ორალური მინოქსიდილის მთავარი საფრთხეა.
ორი ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტი მინოქსიდილისთვის ნაცნობი მოვლენები იყო:
- ფეხების ან კოჭების შეშუპება: 2,8 პროცენტში დღეში ერთხელ მიმღებ ჯგუფში და 4,5 პროცენტში დღეში ორჯერ მიმღებ ჯგუფში. პლაცებოს ჯგუფში ეს მაჩვენებელი 0,6 პროცენტი იყო.
- სხეულის სხვა ნაწილებზე არასასურველი თმის ზრდა: 2,2 პროცენტში დღეში ერთხელ მიმღებ ჯგუფში და 9 პროცენტში დღეში ორჯერ მიმღებ ჯგუფში. პლაცებოს ჯგუფში ეს მაჩვენებელი 0 პროცენტი იყო.
ამ ეფექტების გამო, მკურნალობა ძალიან ცოტა კაცმა შეწყვიტა (0,6 ან ნაკლები ნებისმიერ ჯგუფში). დღეში ორმა დოზამ უფრო მეტი თმა გაზარდა, მაგრამ ასევე განაპირობა მეტი თმა სხეულზე, რაც წარმოადგენს კომპრომისს, რომელიც პაციენტებმა და ექიმებმა უნდა აწონ-დაწონონ.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში ექვსი თვის შედეგებია. კვლევა ‘302’-ის 12-თვიანი შედეგები 2026 წლის ბოლოს გამოქვეყნდება, მაგრამ სრული სურათი მხოლოდ FDA-ს მიმოხილვიდან გვექნება.
როდის იქნება ხელმისაწვდომი?
VDPHL01 ჯერ დამტკიცებული არ არის და მისი დანიშვნა შეუძლებელია. Veradermics-ის განცხადებით, ‘302’ და ‘304’-ის კვლევები ქმნის პლაცებოთი კონტროლირებად მონაცემთა ბაზას, რომელსაც კაცებისთვის გადაუგზავნიან FDA-ს.
- 2026 წლის ბოლოს: კვლევა ‘302’-ის 12-თვიანი შედეგები
- 2027 წლის პირველი ნახევარი: კვლევა ‘306’-ის შედეგები 556 ქალზე
- 2027 წლის დასაწყისი: FDA-ში განაცხადის შეტანა
- 2027 წლის ბოლო ან 2028 წლის დასაწყისი: დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლო გაშვება ბაზარზე
ბოლო ორი თარიღი შეფასებაა და არა კომპანიის ანონსი. FDA-ს სტანდარტული მიმოხილვა განაცხადის შემდეგ დაახლოებით 10-12 თვეს საჭიროებს. დამტკიცების შემთხვევაში, VDPHL01 გახდება FDA-ის მიერ დამტკიცებული პირველი არაჰორმონული აბი ანდროგენეტიკური თმის ცვენის სამკურნალოდ და პირველი ორალური პრეპარატი კონკრეტულად ქალებისთვის.
როგორ თანხვედრაშია თმის ცვენის სხვა პრეპარატებთან
VDPHL01 ყველა ვარიანტს ვერ ჩაანაცვლებს; ის ძლიერი არაჰორმონული პრეპარატი იქნება. ფინასტერიდი და მინოქსიდილი საუკეთესოდ მუშაობს თმის ცვენის შეჩერებასა და არსებული მინიატურიზებული თმის გასქელებაში. მათ ვერ ამოჰყავთ თმა იქ, სადაც ფოლიკულები უკვე აღარ არის.
მრავალი ადამიანისთვის საუკეთესო შედეგები მოაქვს კომბინირებულ მიდგომას. გადანერგვა აღადგენს თმას უკვე გამელოტებულ ზონებში, მკურნალობა კი მის გარშემო არსებულ თმას შეთხელებისგან იცავს.
თუ თმა გცვივათ, არ არსებობს მიზეზი, ელოდოთ აბს, რომელიც შეიძლება წელიწადის მერე გახდეს ხელმისაწვდომი. ანდროგენეტიკური თმის ცვენა პროპგრესულია, გაცვენილი თმის აღდგენა კი ძნელი. თმის ცვენის სპეციალისტთან კონსულტაციით გაიგებთ, სად იმყოფებით თმის ცვენის სკალაზე, რომელი პრეპარატი მოგცემთ უკეთეს შედეგს და გამოგადგებათ თუ არა VDPHL01-ის მსგავსი სამომავლო მედიკამენტები.
მომზადებულია veradermics.com-ისა და advancedhair.com-ის მიხედვით.