გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და რუსეთს მოუწოდებენ, ზამთრის პერიოდში ენერგეტიკულ ზავს დათანხმდეს

23:55, 19.11.2026

გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერებმა ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნები უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მუშაობას გააგრძელებენ, რაც, მათი თქმით, ევროპის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რაკეტებითა და დრონებით მიზანმიმართული თავდასხმების გაძლიერება.

განცხადებაში ხაზგასმულია უკრაინის უფლება, თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან. ლიდერებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ბრძოლის ველზე რუსეთის დანაკარგებზე.

ოთხი ქვეყნის ლიდერმა დაგმო რუსეთის მიერ ევროპის მასშტაბით განხორციელებული ჰიბრიდული თავდასხმებიც და აღნიშნა, რომ ეს ქმედებები უკრაინის, ევროპისა და ნატო-ს თავდაცვის გაძლიერების გადაწყვეტილებას კიდევ უფრო განამტკიცებს.

მათი განცხადებით, უკრაინისთვის გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა გაგრძელდება. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კიევის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება დასახელდა.

ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ომის დაფინანსების შესაძლებლობების შესაზღუდად სანქციები და ეკონომიკური ზეწოლა გაძლიერდება. კერძოდ, ყურადღება გამახვილდება რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემცირებასა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ზომების გაგრძელებაზე.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ ქვეყანას მტკიცე და იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები უნდა ჰქონდეს.

დოკუმენტში ასევე საუბარია ევროპის ხელმძღვანელობით უკრაინაში საერთაშორისო ძალების განლაგებაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ის ქვეყნები, რომლებიც ამისთვის მზად იქნებიან, ხოლო აღნიშნულ ძალებს აშშ დაუჭერს მხარს.

ლიდერები მხარს უჭერენ კიევსა და მოსკოვს შორის პირდაპირ დიალოგს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აშშ და ევროპა.

ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სრულად უნდა იყოს დაცული უკრაინის სუვერენული უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები და ალიანსები.

„საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯის სახით, ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, ზამთრის განმავლობაში ენერგეტიკულ ზავს დათანხმდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი