აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ამის შესახებ ტრამპმა ჩექერსის რეზიდენციაში, პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.
ლიდერებმა დახურულ კარს მიღმა შეხვედრამდე ტრადიციულად, პრესის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთეს.
„ვფიქრობ, გასულ ღამეს, ვახშამზე ჩვენ შევძელით განგვევითარებინა ისეთი ურთიერთობა, როგორიც მანამდე არ გვქონია. ვისაუბრეთ დაახლოებით საათნახევარი და ეს შესანიშნავი იყო. დღეს ვსაუბრობთ ვაჭრობაზე, სამხედრო საკითხებზე. წარმოუდგენელი მოვლენების მომსწრე ვართ ანტი-ტერორისტული საკითხებისა რაც აქ განხორციელდა აშშ-სთან ერთად. ურთიერთობა ძალიან, ძალიან მტკიცეა და ვფიქრობ, უახლოეს ხანში პრესკონფერენციაზე პასუხს გავცემთ თქვენს კითხვებს. ახლა კი უნდა ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტერეზა მეის თქმით, ის აპირებს გამოიყენოს შესაძლებლობა და „ბრექსითის” შემდგომ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სავაჭრო ურთიერთობები განავითაროს.
„მრავალი საკითხი გვაქვს განსახილველი. ვაპირებთ ვისაუბროთ გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე, გამოვიყენოთ რეალური შესაძლებლობა მასშტაბური სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად, მას შემდეგ რაც დავტოვებთ ევროკავშირს. რა თქმა უნდა, განვიხილავთ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, რამდენადაც აშშ-სთან ამ სფეროში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. აშშ ჩვენი ყველაზე ხანგრძლივი მტკიცე პარტნიორია თავდაცვის სფეროში. პრეზიდენტმა ნატო-ს სამიტზე შეძლო მოეწოდებინა პარტნიორებისთვის, რომ გაიღონ ვალდებულებით ნაკისრი ხარჯები”, – განაცხადა ტერეზა მეიმ.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე, ბრიტანული ტაბლოიდისთვის მიცემულ ინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტმა ტერეზა მეის „ბრექსითის” გეგმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ბრექსითის” პროცესს თვითონ სხვაგვარად წარმართავდა. დონალდ ტრამპის თქმით, მან ამის თაობაზე რჩევაც კი მისცა ტერეზა მეის, თუმცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა არ გაითვალისწინა. დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ „ბრექსითის“ მეისეულმა გეგმამ შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმებაც გაანადგუროს.