დონალდ ტრამპი ტაილანდის მღვიმიდან ბავშვების გამოყვანას ეხმაურება - ეს შესანიშნავი მომენტია
დონალდ ტრამპი ტაილანდის მღვიმიდან ბავშვების გამოყვანას ეხმაურება - ეს შესანიშნავი მომენტია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტაილანდის საზღვაო ქვეითებს ტაილანდის მღვიმიდან 12 მოზარდისა და ფეხბურთის მწვრთნელის გამოსახსნელად წარმატებით ჩატარებულ ოპერაციას ულოცავს.

„ეს შესანიშნავი მომენტია – ყველა თავისუფალია“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ამ დროისთვის, ყველა ბავშვი ამოყვანილია. ამასთან, მღვიმიდან გამოყვანილია მათი მწვრთნელიც. 11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს.