დონალდ ტრამპი- ჯო ბაიდენი მაგარი ბიჭივით იქცევა, სინამდვილეში ის სუსტი პიროვნებაა
დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს კრიტიკაზე მწვავე კრიტიკით პასუხობს. აშშ-ის პრეზიდენტი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ, მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოეხმაურა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ბაიდენი მას ემუქრება, თუმცა ძალა არ შესწევს იმისა, რომ ფიზიკურად გაუსწორდეს.
„ჯო ბაიდენი მაგარი ბიჭივით იქცევა. სინამდვილეში ის სუსტი პიროვნებაა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, არადა ის უკვე ორჯერ დამემუქრა. ის მე არ მიცნობს…“ – დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ში.
ორი დღის წინ მაიამიში ჩასულმა ჯო ბაიდენმა ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს კითხვაზე, ისურვებდა თუ არა იგი დონალდ ტრამპთან დებატებს, უპასუხა, რომ მას არ აქვს სურვილი ესაუბროს ადამიანს, რომელიც წლების წინ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.
„ჩვენ რომ სკოლის მოსწავლეები ვყოფილიყავით, დონალდ ტრამპს სპორტდარბაზში შევიყვანდი და ვცემდი.“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა, თუმცა მომხმარებელთა ნაწილმა მისი სიტყვები ხუმრობად მიიღო.