დოდო გუგეშაშვილი აცხადებს, რომ არ აქვს პასუხი, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მასა და მის შვილზე მომხდარი თავდასხმა.
„არ არის არც ბიზნესი, არც წინა საუკუნის დაპირისპირება, არც აფხაზეთი, არც ცხინვალი – ამაში დარწმუნებული ვარ. ვერ ვხვდები, რა არის. ამიტომ, ნურავინ მისცემს პოლიტიკურ სპეკულაციას და სარჩულს.
არანაირი პოლიტიკური, არც ახლანდელი, არც ძველი დროის აქ არ არის“, – აღნიშნა დოდო გუგეშაშვილმა.
დოდო გუგეშაშვილის აღნიშნულ ვიდეოკომენტარს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ექიმებმა დოდო გუგეშაშვილს კლინიკიდან გასვლის უფლება დღეს მისცეს. ის ღუდუშაურის კლინიკიდან რეანომობილით საკუთარი ძმის სახლში გადაიყვანეს, სადაც მისი შვილია დასვენებული.
შვილის გარდაცვალების შესახებ გუგეშაშვილს დღეს ახლობლებმა შეატყობინეს.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.