დნმ-ის კვლევა მიუთითებს, რომ 20 000 წლის წინ კაცობრიობას ერთ-ერთი კორონავირუსის ეპიდემია უტევდა — #1tvმეცნიერება
დნმ-ის კვლევა მიუთითებს, რომ 20 000 წლის წინ კაცობრიობას ერთ-ერთი კორონავირუსის ეპიდემია უტევდა — #1tvმეცნიერება

20 000 წლის წინ, აღმოსავლეთ აზიაში შეიძლება ერთ-ერთი კორონავირუსი მძვინვარებდა, რომელმაც თანამედროვე ჩინეთის, იაპონიისა და ვიეტნამის მოსახლეობის დნმ-ში დატოვა კვალი. ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ამ რეგიონების თანამედროვე მოსახლეობის 42 გენში, კორონავირუსისადმი გენეტიკური ადაპტაციის მტკიცებულებას მიაგნეს.

COVID-19-ის პანდემია კორონავირუს SARS-CoV-2-ის მიერ არის გამოწვეული. კორონავირუსების ოჯახი ასევე მოიცავს MERS და SARS ვირუსებს, რომლებმაც გასული 20 წლის განმავლობაში ასევე გამოიწვიეს მწვავე აფეთქებები.

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ისტორიული ვირუსული ეპიდემიების გენეტიკურ კვალზე ნადირობა შეიძლება სამომავლო ეპიდემიების მართვაში დაგვეხმაროს.

პანდემიები მსოფლიოში აქამდეც ყოფილა. მხოლოდ მე-20 საუკუნეში ფართოდ გავრცელდა გრიპის ვირუსის სამი ვარიანტი და თითოეულმა მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა: ესპანური გრიპი 1918-1920 წლებში, აზიური გრიპი 1957-1958 წლებში და ჰონგ-კონგის გრიპი 1968-1969 წლებში.

ვირუსებისა და სხვა პათოგენების მიერ გამოწვეული ეპიდემიების შესახებ ჩანაწერები ათასობით წელს ითვლის. სრულიად შესაძლებელი ჩანს, რომ ეს ურთიერთქმედება კიდევ უფრო წარსულშიც მიდის, ადამიანის პრეისტორიის ყველაზე ადრეულ პერიოდებამდე.

ჩვენი წინაპრების აფრიკიდან გამოსვლის შემდეგ დაწყებული უძველესი მიგრაციებისას, ისინი გზადაგზა ახალ პათოგენებს აწყდებოდნენ. გარემოს მხრიდან მომდინარე სხვა გამოწვევათა მსგავსად, ვირუსებთან ურთიერთობებმა შეიძლება გამოიწვია ისეთი ადაპტაციები, რომლებიც ჩვენს წინაპრებს გადარჩენაში დაეხმარა. მათ შორის შეიძლება იყო ის ფიზიოლოგიური და იმუნოლოგიური ცვლილებები, რომლებმაც გააუმჯობესა ინფექციისადმი რეზისტენტულობა ან შეამცირა დაავადების შედეგები ჯანმრთელობაზე.

გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, გენეტიკოსებმა გამოიგონეს მძლავრი სტატისტიკური ხელსაწყოები იმ ისტორიულ ადაპტაციათა გენეტიკური კვალის საპოვნელად, რომლებიც ადამიანთა გენომში დღემდე შემორჩა. მაგალითად, ამ მეთოდებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენები, რომლებიც აღნიშნავს ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა ცხოვრებისადმი და ბავშვის მიერ რძის მოხმარებისადმი ადაპტაციებს.

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფს სურდა გაერკვია, დატოვა თუ არა კორონავირუსებთან უძველესმა ურთიერთობებმა რაიმე ასეთი კვალი თანამედროვე მოსახლეობაში. გარდა იმისა, რომ ცნობებს მოგვცემდა კორონავირუსთა უძველესი ეპიდემიების შესახებ, ეს ინფორმაცია დაგვეხმარებოდა კორონავირუსის ინფექციის გენეტიკური საფუძვლის უკეთ შესწავლაში და იმის დადგენაშიც, როგორ იწვევენ ეს ვირუსები დაავადებას თანამედროვე ადამიანებში.

ვირუსები მარტივი ქმნილებებია, რომლებსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: შექმნან საკუთარი თავის რაც შეიძლება ბევრი ასლი. თუმცა, მათი მარტივი ბიოლოგიური სტრუქტურა ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებლად გამრავლება არ შეუძლიათ.

ამისათვის მათ ესაჭიროებათ სხვა ორგანიზმთა უჯრედებში შეჭრა და მათი მოლეკულური აპარატის დაუფლება. ვირუსი ეჭიდება და ურთიერთქმედებს მასპინძელი უჯრედის მიერ წარმოქმნი კონკრეტულ ცილებთან, რომლებსაც ჩვენ ვირუსული ურთიერთქმედების ცილებს (VIP) ვუწოდებთ.

მკვლევართა ჯგუფმა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის 26 პოპულაციის 2500-ზე მეტი ადამიანის გენომს მოწინავე კომპიუტერული ანალიზი ჩაუტარეს. შედეგად, ადაპტაციის ხელწერა აღმოაჩინეს ადამიანის 42 სხვადასხვა გენში, რომლებშიც ჩაშიფრულია ვირუსული ურთიერთქმედების ცილები.

ვირუსული ურთიერთქმედების ცილების სიგნალები მხოლოდ ხუთ პოპულაციაში იყო წარმოდგენილი, ყველა მათგანი აღმოსავლეთ აზიის მცხოვრები იყო — რეგიონიდან, რომელიც სავარაუდოდ კორონავირუსის ოჯახის წინაპართა სამშობლოა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ თანამედროვე აღმოსავლეთ აზიელთა წინაპრები თავდაპირველად კორონავირუსებს დაახლოებით 25 000 წლის წინ შეეჩეხნენ.

შემდეგმა ტესტებმა გამოავლინა, რომ 42 ვირუსული ურთიერთქმედების ცილა ძირითადად გამოხატულია ფილტვებში, ქსოვილში, რომელსაც ყველაზე მეტად აზიანებს COVID-19-ის სიმპტომები. მკვლევრებმა ასევე დაადასტურეს, რომ ვირუსული ურთიერთქმედების ცილები პირდაპირ ურთიერთქმედებს ამჟამინდელი პანდემიის გამომწვევ კორონავირუს SARS-CoV-2-თან.

სხვა დამოუკიდებელი კვლევებიც აჩვენებს, რომ ვირუსული ურთიერთქმედების ცილების გენებში არსებული მუტაციები შეიძლება შუამავლობდნენ SARS-CoV-2-ისადმი მგრძნობელობასთან და COVID-19-ის სიმპტომების სიმწვავესთან. გარდა ამისა, რამდენიმე ვირუსული ურთიერთქმედების ცილა ამჟამად სამიზნედ გამოიყენება COVID-19-ის საწინააღმდეგო საშუალებებში.

კვლევის ფარგლებში გამოვლენილი რამდენიმე ვირუსული ურთიერთქმედების ცილა პრეპარატების სამიზნეა სხვა ტიპის ვირუსების შემთხვევაშიც, მაგალითად, ზიკას ან C ჰეპატიტის ვირუსებში.

ისტორიული ვირუსული გავრცელების კვალის მქონე გენების აღმოჩენა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად იმედისმომცემია ევოლუციური გენეტიკური ანალიზი, როგორც ახალი ხელსაწყო სამომავლო ეპიდემიებთან საბრძოლველად.

კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.