ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქება შეაჯამა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქება შეაჯამა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქება შეაჯამა. ქარტია მაუწყებლების მუშაობას 19 ივნისიდან 19 ნოემბრის პერიოდში აკვირდებოდა. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ევროკავშირის ფინანსური დახმარებით განახორციელა.

სატელევიზიო, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიის მონიტორინგი რაოდენობრივი და თვისობრივი მიმართულებით განხორციელდა, შეფასდა პოლიტიკური სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, გაშუქების ტონი, ბალანსი და სიზუსტე. მონიტორინგის შედეგებით, პარტიებს შორის ყველაზე დიდი დრო “ქართულ ოცნებას” დაეთმო, გამოიკვეთა მიკერძოების შემთხვევები. კვლევის ავტორების თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ყურადღების საარჩევნო აქტივობებზე გამახვილება იყო და მედია ნაკლებ დროს უთმობდა საარჩევნო პროგრამების სიღრმისეულ ანალიზს.

„გამოჩნდა ის, რომ ნაწილი არხებისა მიკერძოებული იყო მმართველი პარტიისადმი, ნაწილი ოპოზიციური პარტიებისადმი. მაგალითად, ობიექტივი იყო “პატრიოტთა ალიანსის” მიმართ მიკერძოებული, ხოლო ყველაზე დიდი დოზით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს აშუქებდა „რუსთავი 2“. ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოში მედია კვლავ პოლარიზებულია. მიკერძოება გამოიხატა არა იმაში, რომ რომელიმე კანდიდატი უარყოფითად შუქდებოდა, არამედ იმაში, რომ ფავორიტ კანდიდატებს ეთმობოდათ ყველაზე მეტი დრო და ყველაზე პოზიტიური ტონი”, – განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა.