ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - ხორავაზე მომხდარი ფაქტი გარკვეულმა მედიასაშუალებებმა არასწორად გააშუქეს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - ხორავაზე მომხდარი ფაქტი გარკვეულმა მედიასაშუალებებმა არასწორად გააშუქეს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გაშუქებას, რომელსაც ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აფასებს. ქარტიის საბჭოს მდივნის, დავით კლდიაშვილის განმარტებით, გარკვეული მედიასაშუალებების მიერ მომხდარი ფაქტის გაშუქება არასწორად მოხდა.

“გუშინ გამოვაქვეყნეთ ქარტიის გადაწყვეტილება, სადაც ავღნიშნეთ, რომ რამდენიმე მედიასაშუალებამ დაარღვია ის პრინციპები, რომელიც ეხება არასრულწლოვანის მიერ დანაშაულის სავარაუდო ჩადენის გაშუქებას და კონკრეტულად მივუთითეთ ეს მედიასაშუალებები. კერძოდ, მათ მოახდინეს არასრულწლოვნის იდენტიფიცირება, სახელი და გვარი დაასახელეს, აჩვენეს ვიდეო. მნიშვნელოვანია რომ, მედიასაშუალებამ ამასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა, ამას მივესალმებით. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასწორად მოხდა გაშუქება. რაც შეეხება პრობლემის გადაწყვეტას, ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს.
დღეს საუბრობდნენ, რომ საჭიროა გამკაცრდეს კანონი და მარეგულირებელი გარკვეულწილად უნდა გახდეს სადამსჯელო ორგანო. ქარტიის პოზიციაა, რომ ეს არასწორია და ისეთი მყიფე დემოკრატიის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა არის ცენზურის დიდი საფრთხე. უფრო მნიშვნელოვანია, მუშაობა ჟურნალისტებთან, მაუწყებლებთან და თვითრეგულირების გაძლიერება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობაც. რა თქმა უნდა კანონში ცვლლებებია შესატანი, მაგრამ არა სადამსჯელო მექანიზმების კუთხით”, – განაცხადა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მდივანმა დავით კლდიაშვილმა.