ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერები აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი, ე.წ. ბუსტერი დოზა ყველასთვის საჭირო არ არის
ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერები აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი, ე.წ. ბუსტერი დოზა ყველასთვის საჭირო არ არის

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი ე.წ. ბუსტერ დოზები არ არის საჭირო მთელი მოსახლეობისთვის.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ აცხადებენ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი მეცნიერები სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

სპეციალისტთა აზრით, დამატებითი დოზების გასამართლებლად საჭიროა მეტი მტკიცებულებები.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება ბუსტერ დოზის საჭიროებასთან და მისი გაკეთების ვადებთან დაკავშირებით უნდა ემყარებოდეს ადეკვატურად კონტროლირებული კლინიკური ან/და ეპიდემიოლოგიური მონაცემების დეტალურ ანალიზს, რომელიც აჩვენებს დაავადების მწვავე შემთხვევების მდგრად და მნიშვნელოვან შემცირებას“, – აღნიშნავენ მეცნიერები გამოქვეყნებულ სტატიაში.

ამასთან, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ზოგი ადამიანისთვის ვაქცინის დამატებითი დოზა სასარგებლო იქნება, მათ შორის არიან შესუსტებული იმუნიტეტის მქონე პირები. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კოვიდვაქცინების დამატებითი დოზების ფართოდ გამოყენება შესაძლოა, საჭირო გახდეს მომავალში იმ შემთხვევაში, თუ თავდაპირველი ვაქცინაციის შემდგომ იმუნიტეტი შემცირდება ან წარმოიქმნება ვირუსის ახალი ვარიანტები.

როგორც „როიტერი“ წერს, ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული სამეცნიერო მოსაზრება წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის მთავრობის გეგმასთან, დაიწყოს სრულად ვაქცინირებული ამერიკელებისთვის დამატებითი აცრების გაკეთება.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ექსპერტთა კომისია ბუსტერ დოზების გამოყენების საკითხის განსახილველად 17 სექტემბერს შეიკრიბება.

ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერები აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზები ყველასთვის საჭირო არ არის