ჟანგბადით მწირ, სუპერმლაშე, ნულს ქვემოთ ტემპერატურის მქონე არქტიკულ წყაროში სიცოცხლე აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ჟანგბადით მწირ, სუპერმლაშე, ნულს ქვემოთ ტემპერატურის მქონე არქტიკულ წყაროში სიცოცხლე აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

სიცოცხლე კიდევ ერთხელ აღმოაჩინეს გარემოში, რომელიც ძლიერ არახელსაყრელი უნდა იყოს ამ პლანეტის ბინადარი უმეტესი ორგანიზმისთვის.

ლოსთ-ჰამერის წყარო კანადის არქტიკაში მდებარეობს, იკვებება წყლით, რომელიც 600 მეტრს გაივლის გაყინულ ნიადაგში, ტემპერატურა ნულს ქვემოთ არის, მლაშეა და თითქმის არ შეიცავს ჟანგბადს; შესაბამისად, წარმოადგენს დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ადგილს. სიცოცხლემ თავის გზა აქაც კი იპოვა.

ამ მარილიან წყალში, რომელიც გაყინული ნიადაგის სიღრმიდან ამოდის, მეცნიერებმა მიკრობები აღმოაჩინეს; ეს კი შეიძლება წარმოადგენდეს ერთგვარ მინიშნებას არამიწიერ მიკრობულ სიცოცხლეზე, რომელიც შეიძლება ევროპაზე, ენცელადზე ან მარსზე ყვაოდეს.

არამიწიერ გარემოში სიცოცხლის პოვნა ურთულესია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ საძებნელად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი შეიძლება იყოს ისეთი გარემო, რომელიც რაც შეიძლება მეტად ჰგავს ადგილებს, სადაც სიცოცხლე უკვე არის.

იუპიტერის თანამგზავრი ევროპა და სატურნის თანამგზავრი ენცელადი შეიძლება დიდად არ ჰგავდეს მარსის უდაბნო გარემოს, მაგრამ აქვთ ისეთი გარემო, რომელთა შესწავლაც ნამდვილად ღირს.

მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ევროპასა და ენცელადის ყინულის გარსის ქვეშ უკიდურესად ცივი, მარილიანი ოკეანეები იმალება. მლაშე თხევადი ტბები შეიძლება იყოს მარსის ზედაპირქვეშაც. ასეთი გარემოები სავარაუდოდ ჰიპერმლაშეა. ვინაიდან მარილები გაყინვის წერტილს დაბლა სწევს, იქ ტემპერატურა სავარაუდოდ ნულს ქვემოთაა. გარდა ამისა, უდიდესი ალბათობით, ისინი უკიდურესად მწირია ჟანგბადითაც.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მეცნიერებმა მიაგნეს მტკიცებულებებს, რომლებიც მიუთითებდა, რომ მარსის სამხრეთ პოლარული ყინულის ქუდის ქვეშ შეიძლება ჰიპერმლაშე ტბები იმალებოდეს. ეს საკითხი ჯერ კიდევ მწვავე დებატების საგანია, მაგრამ თუ იქ ტბები მართლაც არის, ლოსთ-ჰამერის წყარო თავისი თვისებებით ძალიან ახლოს უნდა იყოს მათთან.

გაყინული ნიადაგის (მრავალწლოვანი მზრალობა) სიღრმიდან ზედაპირზე ამოდის წყალი, რომელიც შეიცავს ჟანგბადს მილიონში ერთ წილზე ნაკლები ოდენობით, აქვს 24 პროცენტი მარილიანობა და მინუს 5 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურა. წარმოიდგინეთ მასში ცხოვრება. მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე ეს შეუძლებელია.

თუმცა, მიკრობები აღმოჩენილია ზოგიერთ მართლაც წარმოუდგენელ ადგილში. მარსის შესაძლო ტბებთან მისი მსგავსებიდან გამომდინარე, კანადის მაკგილის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგ ელის მაგნუსონსა და მის კოლეგებს სურდათ გაერკვიათ, იქნებოდა თუ არა სიცოცხლე ლოსთ-ჰამერის წყაროშიც. ეს საქმე ადვილი ნამდვილად არ იყო.

„დანალექებთან წლობით მუშაობა დაგვჭირდა, რომ წარმატებით დაგვეფიქსირებინა აქტიური მიკრობული საზოგადოებები. გარემოს მარილიანობა ხელის შემშლელია მიკრობების გამოყოფასა და სეკვენირებაში; ამიტომ, როდესაც აქტიური მიკრობული საზოგადოებების მტკიცებულება ვიპოვეთ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა“, — ამბობს მაგნუსონი.

შემდეგი ნაბიჯი იყო მიკრობული საზოგადოების უხეშად დახასიათება. ამისათვის, მკვლევართა ჯგუფმა მოახდინა ნიმუშებში ნაპოვნი გენეტიკური მასალის სეკვენირება და მიკრობების დახარისხება იმ სხვადასხვა ცნობილ მიკრობულ ტიპებად, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებოდნენ.

მათ მიერ ნაპოვნ მიკრობთა უმეტესობა მეცნიერებისთვის სრულიად ახალი იყო და ჰქონდათ სპეციფიკური ადაპტაციები, რომლებიც მათ არა უბრალოდ სიცოცხლის, არამედ კარგად განვითარების საშუალებას აძლევდა ლოსთ-ჰამერის წყაროს მსგავს ადგილში.

„ლოსთ-ჰამერის წყაროში ჩვენ მიერ აღმოჩენილი და აღწერილი მიკრობები საოცარია, რადგან სხვა მიკროორგანიზმებისგან განსხვავებით, სიცოცხლისთვის დამოკიდებული არ არიან ორგანულ ნივთიერებებზე ან ჟანგბადზე“, – ამბობს მაკგილის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი ლილი ვაითი.

მისივე თქმით, ამის ნაცვლად, ისინი ჭამენ და სუნთქავენ მარტივ არაორგანულ ნაერთებს, მაგალითად მეთანს, სულფიდებს, სულფატს, ნახშირბადის მონოოქსიდსა და ნახშირორჟანგს, რომელთაგან ყველა ეს მასალა მარსზეც გვხვდება.

„ნახშირორჟანგისა და აზოტის აირების ამოღება შეუძლიათ ატმოსფეროდანაც და ამ ყველაფრის წყალობით, ისინი ძლიერ ადაპტირებული არიან, რომ გადარჩნენ და აღორძინდნენ ძლიერ ექსტრემალურ გარემოებში დედამიწაზე და მის მიღმა“, — ამბობს მკვლევარი.

ამ სახის მეტაბოლიზმს ქემოლითოტროფული ეწოდება და გვხვდება მხოლოდ მიკრობულ ორგანიზმებში, სულ მცირე დედამიწაზე, ძირითადად საკმაოდ ექსტრემალურ გარემოებში. შესაბამისად, თუ მარსზე გადარჩენის ასეთივე სტრატეგიის მქონე სიცოცხლე არსებობს, გამომდინარე იქიდან, რაც დედამიწისა და მარსის შესახებ ვიცით, ის ნამდვილად ძალიან პატარა უნდა იყოს.

მკვლევართა ჯგუფი მიკრობული საზოგადოების ზოგიერთი ყველაზე აქტიური წევრის კულტივირებას და შესწავლას, რათა უფრო მეტი გაარკვიონ იმის შესახებ, როგორ ადაპტირდნენ ისინი ასეთ არახელსაყრელ გარემოში ასაღორძინებლად. ეს ინფორმაცია კი დაგვეხმარება, რომ უკეთ დავადგინოთ ასეთი ორგანიზმების აღმოცენების ალბათობა თუნდაც მარსზე.

კვლევა The ISME Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია mcgill.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.