ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ დიდი შვიდეულის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას „სასტიკი მკვლელი“ უწოდა. როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ იტყობინება, ამის შესახებ წარმოშობით ლუქსემბურგელმა იუნკერმა მიუნხენში, ბავარიის რეგიონულ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გასულ კვირას ტრამპმა მითხრა, სასტიკი მკვლელი ხარო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლუქსემბურგი აშშ-სთვის ასეთი საფრთხე გახდა. ვფიქრობ, მან ეს კომპლიმენტად იგულისხმა, თუმცა დარწმუნებული არ ვარ“, – განაცხადა იუნკერმა.
შეგახსენებთ, გასული კვირის ბოლოს კვებეკში, „დიდი შვიდეულის“ სამიტმა დაძაბულობის ფონზე ჩაიარა. მიზეზი მონაწილეებს შორის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ვაჭრობაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.