დიმიტრის ავრამოპულოსი - საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ქვეყანა კონტინენტზე და იმსახურებს, იყოს ევროპულ ოჯახში
საბერძნეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისარს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესში შეიტანა. ევროკომისარი კვლავ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
შეხვედრაზე აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა და საქართველოს ძალისხმევა ევროკავშირში სრული ინტეგრაციის გზაზე გასატარებელი რეფორმების განხორციელებისას. ევროკომისარმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს წარმატებით ასრულებს, ხაზი გაესვა ერთოლივი ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ კოორდინირებულ ნაბიჯებზე.
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც მუდამ ჩემს გულშია. საქართველო დიდ ძალისხმევას იჩენს, რათა განამტკიცოს მისი ევროპული პერსპექტივა. მე პირადად მჯერა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ქვეყანა კონტინენტზე, რომელიც იმსახურებს იყოს ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა ევროკომისარმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საქართველოს დელეგაციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი