დიმიტრის ავრამოპულოსი - კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის
დიმიტრის ავრამოპულოსი - კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის

საქართველო შეძლებისდაგვარად სწრაფად იმსახურებს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას, – ამის შესახებ ყოფილმა ევროკომისარმა, დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა.

„დიდი ხანია, ვაკვირდები იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო ათი წლის განმავლობაში მიაღწია. იცით, რომ კომპეტენტური ევროკომისრები ძალიან აქტიურად მუშაობენ საქართველოს ხელისუფლებასთან, მთავრობასთან. გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, რაც იქნება სტაბილურობის განმსაზღვრელი ევროპის იმ სამეზობლოში, რომელიც ძალიან მყიფეა“, – აღნიშნა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

მისივე თქმით, საქართველო ევროპული ქვეყანაა თავისი კულტურით და ხალხის მისწრაფებით.

„პროგრესით, რომელიც განახორციელეთ, საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. იმედია, სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული რამდენიმე საათში. ვიზიარებ ქართველი ხალხის მოლოდინს და როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან დიდი პროგრესია განხორციელებული. რასაკვირველია, გადასადგმელი ნაბიჯები რჩება. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელი გზაა, მაგრამ წევრობისთვის არსებობს პროცედურები, ამას მიყვებით რეკომენდაციების იდენტიფიკაციით. საქართველო შეძლებისდაგვარად სწრაფად იმსახურებს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას და გულით გისურვებთ წარმატებას ამ პროცედურების პირველ ეტაპზე, რომ ვნახოთ საქართველო იქ, სადაც მისი ისტორიული დანიშნულებაა“, – განაცხადა ავრამოპულოსმა.