დიმიტრის ავრამოპულოსი - ქვეყნები, რომლებიც სარგებლობენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით, ვალდებულები არიან, დაიცვან ეს პრივილეგია
დიმიტრის ავრამოპულოსი - ქვეყნები, რომლებიც სარგებლობენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით, ვალდებულები არიან, დაიცვან ეს პრივილეგია

სახელმწიფოები, რომლებიც სარგებლობენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით, ვალდებულები არიან, დაიცვან ეს პრივილეგია, – ამის შესახებ მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, დიმიტრის ავრამოპულოსმა გერმანულ გამოცემა „ვესტდოიჩე ალგემაინე ცაიტუნგთან“ (WAS) ინტერვიუში განაცხადა.

ევროკომისრის თქმით, თუ ქვეყანა მომავალში არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს და არ აღკვეთს უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობას, ევროკავშირი დაუყოვნებლივ აამოქმედებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს. თუმცა ავრამოპულოსი იმედოვნებს, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საჭირო არ გახდება.

ინტერვიუში დიმიტრის ავრამოპულოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2014 წლის დონემდე შემცირდა. თუმცა მისი თქმით, ბოლო თვეებში შეინიშნება ლათინური ამერიკიდან და ბალკანეთის ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებლების რიცხვის ზრდის ტენდენცია. კერძოდ, ვენესუელიდან 2019 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 121%-ით არის გაზრდილი და 14257 ადამიანს შეადგენს, კოლუმბიიდან კი – 1565%-ით (8097 ადამიანი). 30%-ით გაიზარდა თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადის რაოდენობა ალბანეთის მოქალაქეებისგან.