გემ „ალან კურდის“ მაშველებმა ლიბიის სანაპიროსთან 44 მიგრანტი გადაარჩინეს
გემ „ალან კურდის“ მაშველებმა ლიბიის სანაპიროსთან 44 მიგრანტი გადაარჩინეს

გემ „ალან კურდის“ მაშველებმა ლიბიის სანაპიროსთან 44 მიგრანტი გადაარჩინეს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაციის გემზე სირიელი, ლიბიელი, პაკისტანელი და ბანგლადეშელი არალეგალი მიგრანტები იმყოფებიან.

გადარჩენილებს შორის სამი ბავშვია. მათი ასაკი 15 თვიდან ოთხ წლამდე მერყეობს. მაშველების ინფორმაციით, მიგრანტები ხმელთაშუა ზღვაში კუსტარულად დამზადებული ნავით 6 ივლისს, ლიბიის საპორტო ქალაქ ზურავადან გავიდნენ.

გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია მიგრანტების მალტისთვის გადაცემას აპირებს. უკანასკნელ ოპერაციამდე, „ალან კურდის“ კაპიტანმა და ეკიპეჟის წევრებმა ლიბიის სანაპიროსთან 65 მიგრანტი გადაარჩინეს. რის შემდეგაც გემმა გეზი იტალიის სანაპიროებისკენ აიღო, თუმცა იტალიამ მიგრანტების შეშვებაზე უარი განაცხადა, ამის შემდეგ კაპიტანმა მალტის სანაპიროსთან მივიდა. რამდენიმესაათიანი შეყოვნების შემდეგ მალტის სამხედრო საზღვაო ძალებმა მიგრანტები ჩაიბარეს.

ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების მიღებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემას ევროკომისია გამოეხმაურა. მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, დიმიტრის ავრამოპყლოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადარჩენილი მიგრანტების გადანაწილების დროებით წესებზე უნდა შეთანხმდნენ.

„მიგრაციასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები იტალიის და მალტის საქმე არ უნდა იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სანაპირო აქვთ ხმელთაშუა ზღვაზე“,- განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.