დიმიტრის ავრამოპულოსი - პირადადაც მოხარული ვარ და ჩემი ქვეყანაც, საბერძნეთიც სრულად უჭერს მხარს საქართველოს ისტორიულ წინსვლას
დიმიტრის ავრამოპულოსი - პირადადაც მოხარული ვარ და ჩემი ქვეყანაც, საბერძნეთიც სრულად უჭერს მხარს საქართველოს ისტორიულ წინსვლას

პირადადაც ძალიან მოხარული ვარ და ჩემი ქვეყანა, საბერძნეთიც სრულად უჭერს მხარს საქართველოს ისტორიულ წინსვლას, – ამის შესახებ მიგრაციის საკითხებში ყოფილმა ევროკომისარმა, საბერძნეთის პარლამენტის წევრმა, დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა.

მისივე თქმით, აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რომ მალე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

„კარგი ამბავი გვაქვს ბრიუსელიდან და ძალიან მიხარია, რადგან იმ მომენტს მახსენებს, როდესაც, როგორც ევროკომისარმა, უვიზო მიმოსვლის შესახებ გამოვაცხადე. დღეს რაც მოხდა, ეს მეორე ნაბიჯი იყო და შემდეგი ნაბიჯი უკვე გაფართოებაზე მოლაპარაკების დაწყებაა. პირადადაც ძალიან მოხარული ვარ და ჩემი ქვეყანა, საბერძნეთიც სრულად უჭერს მხარს საქართველოს ამ ახალ, ისტორიულ წინსვლას.

საქართველო ევროპული ქვეყანაა და მისი ბუნებრივი დანიშნულებაცაა, რომ ევროპული ოჯახის წევრი იყოს. მინდა, მივესალმო იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ, შეძლებისდაგვარად, ყველაფერი გააკეთა ნაბიჯის წინ გადასადგმელად. ყველანი ბედნიერი ვართ დღეს, მაგრამ ყველაზე მეტად – ქართველი ხალხი. ყველაფერი საუკეთესო წინაა. გარწმუნებთ, მეც აქტიურად გავაგრძელებ მუშაობას, რომ ძალიან მალე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად ვიხილოთ. რეგიონში პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ლანდშაფტი ძალიან მყიფეა. საქართველო სტაბილური, რეგიონის მასტაბილურებელი ქვეყანაა, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს რთული ვითარების ნორმალიზებასა და უფრო ოპტიმისტური გზისკენ სვლაში. მსოფლიოს ეს ნაწილი გონივრულ მიდგომებსა და ინიციატივებს მოითხოვს, რადგან ნებისმიერმა მომენტმა, შესაძლოა, ვითარება საშიში გახადოს. ასე რომ, ევროპული საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისა და სამეზობლოს მომავლისთვის“, – განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.