დიმიტრი ლორთქიფანიძემ კინოთეატრ „ამირანთან“ საპატრულო პოლიცია გამოიძახა
დიმიტრი ლორთქიფანიძემ კინოთეატრ „ამირანთან“ საპატრულო პოლიცია გამოიძახა

ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ კინოთეატრ „ამირანთან“ საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

როგორც დიმიტრი ლოქრთიფანიძემ განაცხადა, აპროტესტებს, კინოფილმის აფიშაზე „და ჩვენ ვიცეკვებთ“, არ არის დატანილი, რომ ფილმის ყურება 18 წლამდე ასაკის მაყურებლებისთვის დაშვებული არ არის.

„ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ აფიშა საერთოდ არის გამოკრული. დაახლოებით 10 აფიშაა გამოკრული სხვადასხვა ფილმების და არც ერთი იმ ფილმისა, რომელიც დღეს 20:00 საათზე უნდა გავიდეს. ჩვენ დავინტერსდით მიზეზით და მიზეზი ვერავინ აგვიხსნა. ახლა დავაფიქსირებ დარღვევას 112-ით გამოძახებული ეკიპაჟის წინაშე. ცენტრალურ აფიშაზე დატანებული უნდა იყოს სეანსში მონაწილე პირთა ასაკობრივი ცენზი. როცა საჯარო სივრცეში არ არის აღნიშნული გრიფირება გამოტანილი, ეს მეტყველებს, რომ ამ ფილმის შემოქმედებით ჯგუფს და ორგანიზატორებს, ალბათ, კინოთეატრის ხელმძღვანელობასაც, აქვთ რაღაც დასამალი“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ [And Then We Danced] პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ.  „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ  ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადება  გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. საქართველოს საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

შსს-ში  კი განმარტავენ, ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.