დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ პროკურატურას დავით გარეჯის საქმეზე დავით კეზერაშვილის მამხილებელ ინფორმაციას მიაწვდის
დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ პროკურატურას დავით გარეჯის საქმეზე დავით კეზერაშვილის მამხილებელ ინფორმაციას მიაწვდის

პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ხვალ პროკურატურას დავით გარეჯის საქმეზე დავით კეზერაშვილის მამხილებელ ინფორმაციას მიაწვდის.

როგორც ლორთქიფანიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ბოლო პერიოდში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2007 წელს დავით კეზერაშვილის დავალებით გაანადგურეს მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული მასალა, მათ შორის, 1938 წლის რუკა, რომლის მიხედვითაც, გარეჯის კომპლექსი სრულად საქართველოს ტერიტორიაზეა და რომლის არგამოყენებასაც ედავებიან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას.

ლორთქიფანიძის განცხადებით, რუკების განადგურება 2007 წელს დავით გარეჯის მონაკვეთზე საზღვრის უკანონო შეთანხმებასთან პირდაპირ კავშირშია.

„მქონდა მოლოდინი, რომ პროკურატურაში მოხდებოდა ჩემი გამოკითხვა. ბოლო პერიოდში მოვიპოვე ინფორმაცია, მათ შორის ვიდეოინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება მიწათმოქმედების სახელმწიფო კვლევით საპროექტო ინსტიტუტს და იქ განვითარებულ მოვლენებს 2005-2007 წლებში. მე დავადგინე კონკრეტულ პირთა წრე, გამოვკითხე ეს ადამიანები, ჩავწერე ლაივვიდეო ამ ინსტიტუტის ყოფილ შენობაში. მივუთითეთ კონკრეტული საცავები, სადაც ინახებოდა სამაზრო რუკები, იზოგიფსებიანი რუკები, პლანშეტები. ეს იყო მკაცრი აღრიცხვის საცავები, საიდანაც 2007 წლის გაზაფხულზე მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, კეზერაშვილის უშუალო მითითებით მოხდა ამ მასალების გატანა და განადგურება, გარკვეული მიზნებიდან გამომდინარე. სწორედ ეს მიზნები თავის მხრივ უკავშირდება თავით გარეჯის ტრაგედიას. მზად ვარ, ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მივაწოდო გენერალურ პროკურატურას“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ლორთქიფანიძე დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში ხვალ, 12:00 საათზეა დაბარებული.