კინოთეატრ „ამირანთან“ მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წაუყენა
კინოთეატრ „ამირანთან“ მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

კერძოდ, უწყების ინფორმაციით, შალვა შევარდნაძეს ბრალი წაუყენეს 118,1 მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე.

საგამოძიებო უწყება შევარდნაძისთვის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უახლოეს საათებში მიმართავს.

საქართველოში 8 ნოემბერს ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზსმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“  თავმჯდომარე  გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, ფოტო-ვიდეომასალების დამუშავება. მათ შორის მიმდინარეობს გამოძიება კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი.

ამასთან, როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, ექვს კინოთეატრში დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებული დროის შესაბამისად გაიმართა.

დატოვე კომენტარი