დიმიტრი ლორთქიფანიძე დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში გამოიკითხა
დიმიტრი ლორთქიფანიძე დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში გამოიკითხა

ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში ექვსი საათის განმავლობაში იკითხებოდა.

როგორც გამოკითხვის შემდეგ ლორთქიფანიძემ განაცხადა, 2006-2007 წლებში, დავით გარეჯის საზღვრებზე უკანონო შეთანხმება მოხდა, რაშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყება მონაწილეობდა.

ლორთქიფანიძის განმარტებით, პროკურატურას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

ყოფილ დეპუტატს სახელები და გვარები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი, ვინც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის მიმდებარე საზღვრების უკანონო შეთანხმებაში მონაწილეობდა, იყო მაშინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, მისი მითითებით განადგურდა მიწათმოწყობის კვლევით ინსტიტუტში დაცული მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული მასალა.

„2006 წლის ბოლოდან 2007 წლის დასაწყისამდე პერიოდში თავდაცვის სამინისტროში, და ამ პერიოდში მინისტრი გახლავთ დავით კეზერაშვილი, იმართება სამუშაო შეხვედრა, რომელზეც მიწვეულნი არიან სხვადასხვა სპეციალისტები, მათ შორის, სამუშაო შეხვედრაზე იძახებენ მიწათმოწყობის 2005 წელს დახურული ინსტიტუტის პროექტის ყოფილ მთავარ ინჟინერს, ზურაბ ბოჭორიშვილს, რომელიც არის დაკითხული მოცემულ საქმეზე, როგორც მოწმე.

იქ იყო ერთადერთი შეკითხვა დასმული, ეძებდნენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის სასაზღვრო მონაკვეთის ამსახველ რუკას და ამ რუკასთან დაკავშირებით აინტერესებდათ ინფორმაცია, სად ინახებოდა ეს რუკა. ბატონმა ზურაბ ბოჭორიშვილმა მიუთითა, რომ ეს რუკა შესაძლოა ინახებოდა იმ ინსტიტუტში, ვინაიდან იქ ინახებოდა ძალიან ბევრი რუკა და მან იცოდა, რომ მათ შორის უნდა ყოფილიყო მსგავსი რუკაც.

იქვე გამოიყო სამი მაღალჩინოსანი, დაახლოებით პოლკოვნიკის თანამდებობის პირები, რომლებიც ზურაბ ბოჭორიშვილთან ერთად გაემართნენ მიწათმოწყობის ინსტიტუტში. ეს ინსტიტუტი იყო დაკეტილი. ზურაბ ბოჭორიშვილმა მიუთითა, სად ინახებოდა კონკრეტულად პლანშეტები, სად ინახებოდა რუკები, მაგრამ იქ შესვლას სჭირდებოდა გასაღები. დაწესებულება იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. რა თქმა უნდა, ბატონ ოფიცრებს, რომლებიც დამოუკიდებლად შეუდგნენ შემდეგ ამ შენობის დათვალიერებას, შესწავლას და აღრიცხვას, არ გაუჭირდებოდათ,  ეს გასაღები მოეტანათ და გაეღოთ, ვინაიდან რამდენიმე კვირაში,  სხვა თვითმხილველების გადმოცემით, ამ შენობას მოადგა სატვირთო მანქანა, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები და ეზიდებოდნენ შენობიდან გარკვეულ მასალას, მათ შორის, კარტოგრაფიული მასალაც შეიმჩნეოდა, ეს მასალები იტვირთებოდა ამ სატვირთოზე და გადიოდა შენობიდან. დღეის მდგომარეობით, ეს რუკები არის განადგურებული“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.