დიმიტრი ხუნდაძე - საკმაოდ ბევრნი ვართ და არა მხოლოდ მაჟორიტარები, ვინც პროპორციულ სისტემას მხარს არ ვუჭერთ
დიმიტრი ხუნდაძე - საკმაოდ ბევრნი ვართ და არა მხოლოდ მაჟორიტარები, ვინც პროპორციულ სისტემას მხარს არ ვუჭერთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საკმაოდ ბევრი ადამიანია, ვინც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციურ პროექტს მხარს არ უჭერს.

როგორც ხუნდაძემ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილებების მოწინააღმდეგეები მხოლოდ მაჟორიტარები არ არიან.

„რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად მყარია. ვფიქრობ, დღეს უკვე უნდა დასრულდეს ეს პროცესი, ამის გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრნი ვართ, ძირითადად არიან მაჟორიტარები, მაგრამ არა მხოლოდ მაჟორიტარები. გუშინ თქვენ ნახეთ მათი პრინციპული პოზიცია და მყარი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძის თქმით, სპეკულაციებს ყველამ თავი უნდა დაანებოს.

„მექნება ერთი თხოვნა, რომ დავანებოთ ზედმეტ სპეკულაციებს თავი. ეს ადამიანები არიან აბსოლუტურად გულწრფელები. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ქვეყანა არ შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში. რაც შეეხება პოლიტიკური სპექტრისა და თვითონ პარლამენტის შემდგომ მრავალფეროვნებას, რასაც ჩვენ ვემხრობით და სწორედ ამ მიმართულებით არის ჩვენი შეთავაზება, იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც სხვადასხვა პარტიებს, სხვადასხვა წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება, დააყენონ კონკურენტული კანდიდატი, ოღონდ ის არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობიდან“ და არც ვთქვათ მათთან ასოცირებული განაყარიდან ან შვილობილი პარტიებიდან, მზად ვართ, არ დავუყენოთ კონკურენტი, შევინარჩუნოთ მრავალპარტიულობა და მრავალფეროვნება პარლამენტში. ვერავინ დამარწმუნებს მე და ვერც ჩემს თანამოაზრეებს იმაში, მივიღოთ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში. ჩვენ გვაქვს კიდევ შეთავაზება, რომელსაც უმრავლესობას სხდომის ფორმატში შევთავაზებთ“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

მმართველი გუნდის წევრების თქმით, დეპუტატებთან კონსულტაციების მიზანია, ისინი პროპორციული სისტემის მხარდაჭერის მიზანშეწონილობაში დაარწმუნონ.

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

ამასთან, ცვლილებებით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელსაც სულ მცირე, ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა ექნება. გაუნაწილებელი მანდატების შემთხვევაში, ის თანმიმდევრობით გადანაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებზე. აღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, იმით არის განპირობებული, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტის პლენარულ სესიაზე 12 ნოემბერს დაიწყო. დღის წესრიგში იყო ორი პროექტი. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული. ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტი პარლამენტში ჩავარდა. ოპოზიციის კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.