დიმიტრი ხუნდაძე - ისევ პასუხგაუცემელია კითხვები, რატომ არის გამჭვირვალობის კანონპროექტი მიუღებელი, დასავლეთში რაც მიღებულია, არ უნდა იკრძალებოდეს საქართველოსთვის
დიმიტრი ხუნდაძე - ისევ პასუხგაუცემელია კითხვები, რატომ არის გამჭვირვალობის კანონპროექტი მიუღებელი, დასავლეთში რაც მიღებულია, არ უნდა იკრძალებოდეს საქართველოსთვის

ისევ პასუხგაუცემელია კითხვები, რატომ არის გამჭვირვალობის კანონპროექტი მიუღებელი? დასავლეთში რაც მიღებულია, არ უნდა იკრძალებოდეს საქართველოსთვის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, საჭიროა ინსტრუმენტი იმის გასაგებად, რაში იხარჯება ქვეყნის გარედან შემოსული თანხა.

„კითხვები ისევ პასუხგაუცემელია, რატომ არის რუსული, რატომ არის მიუღებელი? გამჭვირვალობას გაუმჭვირვალობა რატომ სჯობს? ინსტრუმენტი, რომელიც დასავლეთშია შექმნილი, რომ თანხები უნდა იყოს გამჭვირვალე, საზოგადოებისთვის ცნობილი, ვისგან არის გარედან შემოსული, რამდენი რაში იხარჯება, ეს ინსტრუმენტი სჭირდება საქართველოსაც, რადგან ქვეყანას აქვს გამორჩეული რისკები. მით უმეტეს, იმ რეალობაში, როცა გლობალურად სახიფათო პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს და, შესაძლოა, ეს ძალიან მძიმედ აისახოს საქართველოზე. ამიტომ საქართველოს ინსტრუმენტი, იარაღი სჭირდება, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რაში და რა რაოდენობით იხარჯება გარედან შემოტანილი ფული. რა თქმა უნდა, ეს არის იმ თანხების ნაწილი, რომელიც ნამდვილად კარგ საქმეშია დახარჯული, მაგრამ აქაც პარალელური კითხვა ჩნდება: თუ კარგ საქმეშია დახარჯული და ამის მიღმა უფრო მეტი „შავი ფული“ არ არის, მაშინ რატომაა დასამალი? დასამალია ის, რაც არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ და სწორედ ის მალავს, ვისთვისაც სასურველია, რომ საზოგადოებამ ეს არ იცოდეს. ვფიქრობ, დასავლეთში რაც მიღებულია, არ უნდა იკრძალებოდეს საქართველოსთვის. დასავლეთიდან ასეთი მკაცრი შეფასებები როცა მოდის, ეს არ არის დემოკრატიაზე ზრუნვა, ქართული დემოკრატიისათვის შემოთავაზება. ეს არის სწორედ ის, რასაც ვშიშობთ, რომ ფული სხვა ინტერესებს ხმარდება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.