დიმიტრი გვრიტიშვილი – არ გამოვრიცხავ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები ჩვენს საშვებულებო პერიოდს მიზანმიმართულად დაამთხვიეს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონსულტაციების შესახებ განცხადებისთანავე, მზადყოფნა გამოვთქვით, რომ პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებიც ჩართულიყვნენ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილი განაცხადა.
ის არ გამორიცხავს, რომ კონსულტაციების პერიოდი მიზანმიმართულად დაემთხვა მათ საშვებულებო პერიოდს.
„როგორც კი პრეზიდენტმა განაცხადა ამ კონსულტაციების დაწყების შესახებ, ჩვენ თავიდანვე გამოვთქვით მზადყოფნა და ლოგიკურადაც მივიჩნიეთ, საბჭოს წევრებიც ჩართულიყვნენ ამ პროცესში. თუმცა რაღაცნაირად მოხდა ისე და არ გამოვრიცხავ, მიზანმიმართულადაც, რომ კონსულტაციების პერიოდი დაემთხვა საშვებულებო პერიოდს. ამ პერიოდს დაემთხვა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან იუსტიციის საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძესთან და იყო შეთავაზება, რამდენიმე დღეში გამართულიყო კონსულტაციები“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.
მისი განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საბჭოს ხელმძღვანელობას შორის კომუნიკაცია 13-14 აგვისტოს შედგა და მოთხოვნა იყო, საბჭოს წევრები დაახლოებით ორ დღეში შეკრებილიყვნენ, რაც მისი თქმით, შეუძლებელი იყო.
„ამიტომ იყო თხოვნა იუსტიციის საბჭოს მდივნისგან, რომ იქნებ საბჭოსთან კონსულტაციები გადატანილი ყოფილიყო აგვისტოს ბოლოსკენ, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა მთელი ორგანოს თუ არა, უმრავლესობის შეკრება მაინც. როგორც გამოჩნდა, სამწუხაროდ, აღნიშნული თხოვნა არ არის გათვალისწინებული და პირიქით, ჩვენს საწინააღმდეგოდ შემოატრიალეს, რომ თითქოს, უარს ვაცხადებთ კონსულტაციებში ჩართვაზე. ეს აბსოლუტურად არასწორია. მზად ვართ და სურვილიც გვაქვს, ამ კონსულტაციებში ჩავერთოთ, უბრალოდ არის ობიექტური გარემოება, ვერ ხერხდება საბჭოს წევრების ასეთ მოკლე პერიოდში შეკრება“, – განაცხადა მან.
გვირიტიშვილისთვის გაუგებარია, რატომ არ იყო შესაძლებელი კონსულტაციები საბჭოსთან აგვისტოს ბოლოს.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეს პოზიცია აბსოლუტურად ალოგიკური და აუხსნელია, მით უმეტეს, მდივანმა განუმარტა და სთხოვა კიდეც. ეს ფაქტი უკვე მიმანიშნებელია, რომ რეალურად არ არის სურვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, კონსულტაციებში საბჭო ჩაერთოს“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.
მისივე თქმით, ამიტომაც დაასახელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიზეზად, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან განხორციელებული კომუნიკაციის მიუხედავად, ვერ ხერხდება საბჭოსთან შეხვედრა.
რაც შეეხება იმას, აცნობა თუ არა გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს კონსულტაციებში ჩართვაზე შეთავაზების შესახებ, გვრიტიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან შეთავაზება ოფიციალური ფორმით არ ყოფილა და სატელეფონო საუბრის დონეზე გაკეთდა, რადგან საშვებულებო პერიოდი დაემთხვა, შეუძლებელი იქნებოდა 15-ვე წევრის შეკრება, ამიტომ მიქაუტაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვადის გადაწევა სთხოვა.
„ვფიქრობ, საბჭოს მდივანმა ივარაუდა, რომ საბჭოს 15-ვე წევრი ვერ შეძლებდა შეკრებას. ამიტომაც საკმარისად ჩათვალა განმარტება და თხოვნა და მიიჩნია, რომ შესაძლებელი იქნებოდა კონსულტაციების ვადის გადაწევა აგვისტოს ბოლოსკენ. სწორედ ამიტომ არ განახორციელა ყველა წევრის ინფორმირება. მეც არ ვიცოდი, რომ 13-14 რიცხვში კომუნიკაცია შედგა. თუმცა ეს არ არის პრეტენზიის გამოთქმის საფუძველი არც ერთი წევრის მხრიდან“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.