ნაზი ჯანეზაშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში პრეზიდენტს მთავარი აქტორები გამორჩა
ნაზი ჯანეზაშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში პრეზიდენტს მთავარი აქტორები გამორჩა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მთავარი აქტორები გამორჩა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, გასაკვირია, რომ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს არ შეხვდა.

„ზოგადად, მივესალმები ფაქტს, რომ პრეზიდენტი ცდილობს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის  კანდიდატის ნომინირების პროცესში სხვადასხვა წრეების ჩართულობა იყოს. თუმცა ჩემთვის გასაკვირია და მართლაც მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს არ შეხვდა, რადგან მათი მხრიდან თავიდანვე გაცხადებული იყო, რომ ჩართულობა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნებოდა და შეხვდებოდნენ სხვადასხვა წრეებს, მათ შორის, რამდენადაც მახსოვს, საუბარი იყო სასამართლოს შტოზეც“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

როგორც მან განმარტა, ჩართულობის უზრუნველყოფა სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებით უნდა დაწყებულიყო, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეფორმების განხორციელებაზე.

„მოვისმინე განცხადებები და ნამდვილად არ უნდა დარჩეს ვინმეს ილუზია, რომ უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე დამოუკიდებლად, საბჭოს დახმარების გარეშე რამეს გაკეთებას შეძლებს. ეს შეუძლებელია, ვერანაირ რეფორმას ვერ განახორციელებს დამოუკიდებლად, თუმცა ბუნებრივია, მისი სტატუსი და მნიშვნელობა დიდია. ამიტომ, საბჭოსთან შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი, ამიტომ კონსულტაციები პოლიტიკოსებთან, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ საპარლამენტო უმრავლესობას, იყო მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რომ კანდიდატი იყოს არჩევადი და  პროცესი ყოფილიყო შედეგზე ორიენტირებული. ეს იყო არსებითი, თუმცა ეს ასე არ მოხდა“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლებასთან კონსულტაცია აუცილებელი, საჭირო და კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო.

„გვაქვს ძალიან მოკლე დრო, ძალიან მცირე ვადები და შესაძლებლობები, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კანდიდატის ნომინირების გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მოგეხსნებათ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რამდენად სერიოზული პრობლემებია, რამდენად დომინირებს ჩინჩალაძის კლანი, ამიტომ დამერწმუნეთ, მომავალში უკვე ჩინჩალაძის კლანს ექნება, მათთვის სასარგებლოდ და სასიხარულოდ, ეს უფლებამოსილება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს დრო მაქსიმალურად ყოფილიყო გამოყენებული“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტს გამორჩა მთავარი აქტორები – სასამართლო ხელისუფლება.

„ყოველ შემთხვევაში, მათგან არანაირი შემოთავაზება არ მიმიღია. შემეძლო, ძალიან ღირებული კრიტერიუმები დამესახელებინა, თუ რა სჭირდება უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს, რადგან ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მქონდა შეხება ყოფილ თავმჯდომარესთან. ამიტომ შემეძლო მიმეწოდებინა ინფორმაცია თუ რა გამოწვევების წინაშეა სასამართლო. თუნდაც იმ წევრებს შეხვედროდა, რომლებიც ჩინჩალაძის კლანის წარმომადგენელები არიან და დაენახა, რა ხდება სასამართლო ხელისუფლებაში“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდებოდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრა აუცილებელი იყო.

ამასთან, ჯანეზაშვილის შეფასებით, აქამდე განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ აღნიშნული პროცესი შედეგზე ორიენტირებული არ ყოფილა.

„პრეზიდენტთან გამართული გუშინდელი შეხვედრაც ცხადყოფს, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეთანხმება ვერ შედგა. თუმცა რა შეთანხმება უნდა შემდგარიყო, ესეც გაუგებარია“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოება კანდიდატს არ წარადგენს, არამედ აკვირდება პროცესს და იძლევა რჩევებს.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატურის შესარჩევად მიმდინარე კონსულტაციების შეჯამების მიზნით გუშინ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობისადმი, რომ დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ამ ფორმატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა  მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის მიზნით კონსულტაციები დაიწყო.