დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ვალდებულია, შრომის კოდექსში ცვლილებებზე დამსაქმებლებსაც მოუსმინოს და დასაქმებულებსაც
შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს ევროპის ბიზნესასოციაციის წევრები ეცნობიან. შეხვედრა პარლამენტში მიმდინარეობს.
ცვლილებების პროექტს ასოციაციის გამგეობის წევრებს დეპუტატები დიმიტრი ცქიტიშვილი და თამარ ხულორდავა აცნობენ.
„როცა შრომის კოდექს ეხება საქმე, ყოველთვის არსებობს აუცილებლობა, რომ იყოს მხარეებს შორის დიალოგი. ეს არის დასაქმებულთა ინტერესების დამცველები და თქვენ – ბიზნეს ასოციაციები, რომელთან ერთადაც უნდა მოხდეს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრაც გულისხმობს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელთა პოზიციების მოსმენა მოხდეს. მათი ჩართვა დისკუსიებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მივიღოთ დასაქმებულების ინტერესების სასიკეთოდ, ასევე ემსახურებოდეს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და თანამედროვე სოციალურ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ბიზნესის შექმნას“, -განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განხილვების შედეგად კანონპროექტის პირველად ვარიანტში ბევრი ცვლილება შევა.
„კრიტიკა იყო იმაზე, თითქოს ჩვენ გადაწყვეტილებები მივიღეთ ისე რომ არავის შეუთანხმეთ. პროცესი იყო დაწყებული დაახლოებით ერთი თვის წინ, წარდგენილი იყო მხოლოდ პირველი ვარიანტი, ინიცირებულიც არ არის ჯერჯერობით. არის საკმაოდ მასიური დოკუმენტი და იქნება ძალიან ბევრი ცვლილება. განხილვების მთელი პროცესი წინ გვაქვს და განხილვები მოხდება როგორც დასაქმებულების, ისე დამსაქმებლების ინტერესების გათვალისწინებით. პოზიციები უნდა დაახლოვდეს. სახელმწიფო ვალდებულია, ერთ და მეორე მხარესაც მოუსმინოს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკასაც წაადგება, ადამიანის უფლებების დაცვასაც და ბიზნესგარემოსაც გააუმჯობესებს“, – განაცხადა კანონპროექტის ავტორმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა.