დიმიტრი ცქიტიშვილი - პრობლემების ღერძი არის შრომის ინსპექცია, რადგან ეს ის სტრუქტურაა, რომელმაც შრომის უსაფრთხოება უნდა შექმნას
დიმიტრი ცქიტიშვილი - პრობლემების ღერძი არის შრომის ინსპექცია, რადგან ეს ის სტრუქტურაა, რომელმაც შრომის უსაფრთხოება უნდა შექმნას

არ ვიცი, გუშინდელი პროტესტი მაინცდამაინც კახა კალაძის მიმართ რატომ იყო, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში„თავისუფალი ხედვა.“

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე სამსახური. ეს არის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური, შრომის ინსპექცია და მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურები, ანუ მუნიციპალური ინსპექციები. თითოეულ მათგანს აქვს გარკვეული მანდატი, რომ გარკვეული რესურსები შეასრულონ. მუნიციპალურს აქვს მანდატი, რომ შევიდეს და სანქცირება მოახდინოს, მაგრამ მათ არ აქვთ კონკრეტულად შრომის უსაფრთხოების კუთხით კომპეტენცია. იმიტომ, რომ ეს მათი საქმე იმთავითვე არ იყო.

არ შემიძლია არ ვთქვა, რომ კახა კალაძის პირადი სურვილით და ინიციატივით, მაშინ კანონში ცვლილებები განვახორციელეთ და ქალაქის მერიამ, 2018 წლის თებერვლიდან დაწყებული, ძალიან მალე, სერიოზული სანქციების მეშვეობით გარკვეულად შეაჩერა უბედური შემთხვევები. მაშინ, ქალაქის მასშტაბით ეს სერიოზული შედეგი დაიდო“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, გუშინდელი შემთხვევა გამონაკლისია და ამ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს, რა მოხდა, მაგრამ ჯამში, ქალაქის მასშტაბით, ასეთი უბედური შემთხვევები რადიკალურად შემცირებულია სამშენებლო ობიექტებზე, რასაც მუნიციპალური სამსახური აკონტროლებს.

ცქიტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალურ სამსახურებს, ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს და შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსპექტირების დეპარტამენტს გარკვეული კოორდინაცია სჭირდებათ და განსაკუთრებით პირველ ეტაპზე საჭიროა, ძალიან ინტენსიური მონიტორინგი.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უშლის ხელს ამ სამსახურებს შორის კოორდინაციის ჩამოყალიბებას, ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ინსტიტუციები გარკვეულწილად, ახლა ყალიბდება.

„ინსტიტუცია შრომის ინსპექცია, რომელიც არის ყველაზე კომპეტენტური და ყველაზე მცოდნე, ახლა ყალიბდება. დღეს, სულ ორმოცამდე ადამიანი ჰყავთ და დაგეგმილია მათი შემადგენლობის გაზრდა ოთხოცამდე, წლის განმავლობაში. პერიოდულად ხდება კონკურსები. ისინი დადიან და პრაქტიკულად, მონიტორინგს ახორციელებენ, მაგრამ მათ სჭირდებათ ტექნიკური მხარდაჭერა, შემადგენლობის გაზრდა და ა.შ.“, – განაცხადა ცქიტიშვილმა. 

საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსის, ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, რა არის მთავარი პრობლემები შრომის უსაფრთხოების კუთხით და რატომ ვერ გვარდება ეს პრობლემები, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ღერძი შრომის ინსპექციაა, რადგან ეს სწორედ ის სტრუქტურაა, რომელმაც შრომის უსაფრთხოება უნდა შექმნას.

„ეს დაახლოებით იგივეა, როგორც ვთქვათ, პოლიცია თუ თავის დონეზე არ არის, კრიმინალი რომ ავტომატურად იზრდება. თუ შრომის ინსპექცია თავის სიმაღლეზე არ დგას, ბუნებრივია, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა მინიმუმ, მოდუნებული იქნება. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კომპონენტი გაძლიერდეს. კარგი იქნებოდა, თავის დროზე ყოფილიყო, მაგრამ დღეს უკვე, მუშაობა მიმდინარეობს ალბათ, ორ ფრონტზე. იმიტომ, რომ პარლამენტშიც ვმუშაობთ შრომის ინსპექციის კანონზე, რათა ეს სამსახური უფრო გამართული, ძლიერი და მანდატით აღჭურვილი იყოს და ვიცი, რომ მთავრობაშიც მიდის ამაზე მუშაობა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მონიტორინგი იქნება პერმანენტული, მოულოდნელი, ბევრისთვის დაუგეგმავი და შესაბამისად, ყველა კომპანია მზად უნდა იყოს, რომ შეიძლება, მათთან შრომის ინსპექტორი ნებისმიერ მომენტში შევიდეს და დააჯარიმოს, ან მისი საქმიანობა შეაჩეროს.