დიმიტრი ცქიტიშვილი - პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან ზოგადი და მოსაწყენი იყო, ველოდი, რომ უფრო კრიტიკული იქნებოდა ოპოზიციისა და ხელისუფლების მიმართ
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა საკმაოდ ზოგადი იყო, თითქმის ყველა საკითხზე იყო საუბარი, მაგრამ არავითარი კონკრეტიკა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამოსვლას ეწოდება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, თუმცა ნაკლებად იყო მდგომარეობაზე და არსებულ გამოწვევებზე საუბარი.
„ველოდი, რომ პოლიტიკური კრიზისის მიმართ უფრო მეტი კონკრეტიკა იქნებოდა. ველოდი, რომ იქნებოდა ცოტა კრიტიკული იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც თავად პრეზიდენტმა გაერო-ს ტრიბუნიდან გამოაცხადა ახალი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ტალღაზე. თუმცა ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. უნდა გვახსოვდეს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტი არის კრიზისული პერიოდებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა და ეს ვერ გამოიყენა. იყო ძალიან ზოგადი, მშრალი და მოსაწყენი. ის არ არის მხოლოდ უმრავლესობის პრეზიდენტი, ველოდი, რომ იქნებოდა ზეპარტიული პრეზიდენტი, რომელიც უფრო კრიტიკული იქნებოდა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში დღეს მეორე წლიური ანგარიშით წარსდგა.