დიმიტრი ცქიტიშვილი ევროპის ბიზნესასოციაციის გამგეობის წევრებს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს გააცნობს
შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ევროპის ბიზნესასოციაციის გამგეობის წევრებთან შეხვედრას გამართავს.
კანონპროექტის ავტორი ბიზნესასოციაციის წევრებს იმ ცვლილებებს გააცნობს, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანო „საქართველოს შრომის კოდექსში“ გეგმავს.
საქართველოს პარლამენტში მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გულისხმობს შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას. კერძოდ, ცვლილებები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ნორმირებული და ზეგანაკვეთური შრომის ცნებების დადგენა; შვებულების, დასვენებისა და შესვენების სტანდარტების დადგენა.
„შეხვედრა შეეხება შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რეფორმებს, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, გატარდეს საქართველოში შრომითი უფლებების ახალი სტანდარტით. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი ბიზნესსექტორის პოზიციები, მათ შორის ევროპული ბიზნესების წარმომადგენლობის პოზიციები საქართველოში, რომლებიც გარკვეულად ოპერირებენ იმ სტანდარტებით, რომელიც უკვე ევროპაში არის და მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების მსგავსი სტანდარტი იყოს ქვეყანაში დამკვიდრებული. საინტერესო იქნება მათი პოზიციების მოსმენა კონკრეტულ საკითხებზე, ისევე, როგორც ზოგადად ამ კანონის პრინციპებზე“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.