დიმიტრი ცქიტიშვილი - 8 მარტის შეთანხმების მეორე ნაწილი შესრულდა თუ არა, ცვლილებები მისაღებია, რადგან ის ქვეყანას სჭირდება
დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი უნდა დაუჭირონ.
ჟურნალისტებთან საუბარში ცქიტიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულმა პარტიებმა პროექტს ხმა უნდა მისცენ, რადგან ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა არა ერთჯერადად, ერთი პოლიტიკური ეტაპისთვის, არამედ ქვეყნის დემოკრატიის გაჯანსაღებისთვის ისტორიული ცვლილებებია.
„ასეთი ცვლილებები ქვეყანას სჭირდება. მიუხედავად იმისა, ისინი თვლიან თუ არა და შესრულებულია თუ არა 8 მარტის შეთანხმების მეორე ნაწილი, საკონსტიტუციო ცვლილებები მისაღებია. პირადად მე, კონსტიტუციის წარმოდგენილ ვერსიას მხარს დავუჭერ“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით 19 ივნისს განიხილავს, პროექტზე პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე კი 21 ივნისს იმსჯელებენ.
ცვლილებების მისაღებად საჭიროა 113 დეპუტატის მხარდაჭერა. პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე საარჩევნო მოდელით უნდა ჩატარდეს.