დიეგო მარადონას ავტობიოგრაფია - ხელზე შვიდი ნაკერი მედო, მაინც ვითამაშე და ხუთი გოლი გავიტანე (ნაწილი 3)
დიეგო მარადონას ავტობიოგრაფია - ხელზე შვიდი ნაკერი მედო, მაინც ვითამაშე და ხუთი გოლი გავიტანე (ნაწილი 3)

ნაწილი 1 – ოთხი-ხუთი ბავშვი ერთ ულუფა პიცას ვყიდულობდით და თანაბრად ვიყოფდით

ნაწილი 2 – ბევრი ტირილი მჭირდებოდა, რომ მამისთვის გული მომელბო და ფეხბურთზე გავეშვი

შვიდი მოედანი

ვთამაშობდით სახლის მოპირდაპირე მხარეს – „შვიდ მოედანზე“. ეს იყო უკიდეგანო მინდვრები. ზოგს კარი ჰქონდა, ზოგს არა. „შვიდი მოედანი“ არ ჰგავდა სინთეთიკური საფარით მოწყობილ თანამედროვე კომპლექსს. მოედნებს არანაირი კომფორტი არ გააჩნდა, მაგრამ მაშინ ისინი საუკეთესოდ გვეჩვენებოდა. როცა სირბილს ვიწყებდით, ისეთი ბუღი დგებოდა, გვეგონა, ნისლით დაფარულ „უემბლიზე“ ვთამაშობდით.

ერთ-ერთი მოედანი მამაჩემის კლუბ „ესტრელა როხას“ ეკუთვნოდა. იქ მეც ვთამაშობდი ხოლმე. მეორე მოედნის მეპატრონე „ტრეს ბანდერასი“ იყო. ამ გუნდს ჩემი მეგობრის, გოიო კარისოს მამა პატრონობდა. „ესტრელა როხასა“ და „ტრეს ბანდერასის“ დაპირისპირება „ბოკასა“ და „რივერ პლეიტის“ პაექრობას ჰგავდა.

იმ დროს ჩვეულებრივი მოვლენა იყო – ფეხბურთზე გადარეული მამები შვილებს საკუთარი კლუბის ღირსების დაცვას აიძულებდნენ.ზოგჯერ ფულზეც ვთამაშობდით. მე და კარისო კლასელები ვიყავით. 1969 წელს იგი ჩემთან მოვიდა და მითხრა:

– დიეგო, შაბათს ჩვენთან სავარჯიშოდ „არგენტინოს ხუნიორსი“ ჩამოვიდა. ბიჭების სინჯებზე მიყვანა გვთხოვეს. წამოხვალ?

– არ ვიცი. მამას უნდა ვკითხო.

ვიცოდი, მამას წაყვანას თუ ვთხოვდი, სამგზავრო ბილეთში ფული უნდა დაეხარჯა და დასვენებაზე უარი ეთქვა. ეს გარემოება ხალისს მიკარგავდა. ჩვეულებრივ, როდესაც მამასთან რამე უნდა მეთქვა, ჯერ დედას მივმართავდი. ტოტა კი ქმარს აყენებდა საქმის კურსში.

აღმოჩნდა, რომ მამა თანახმა იყო, სინჯებზე წავეყვანე. მასაც აინტერესებდა, ამ საქმიდან რა გამოვიდოდა. მშობლების თანხმობის შემდეგ გოიოს სახლისკენ ბენ ჯონსონზე სწრაფად გავექანე. კარისოების სახლამდე სამი კილომეტრი მაშორებდა. „შვიდი მოედანი“ გადავირბინე და დანიშნულების ადგილს ქოშინით მივაღწიე:

– გოიო, მოვდივარ. ნება დამრთეს. როდის უნდა წავიდეთ?

რამდენიმე დღე რჩებოდა. ეს დღეები საუკუნედ მეჩვენებოდა.

არხენტინოს ხუნიორსი

მე და მამამ გოიო და მონტანიტო მოვნახეთ. მონტანიტო ჩვენი უბნელი ბიჭუნა იყო. ფეხბურთს ისიც კარგად თამაშობდა. ფიორიტოდან სინჯებზე ბავშვების მთელი არმია გაემგზავრა. ჩვენ ცალკე წავედით. მოგვიანებით გაირკვა, რომ მხოლოდ ჩვენ აგვიყვანეს.

მგზავრობა თავგადასავალს ჰგავდა. პირველად ვიმგზავრე იმ გზაზე, რომელიც შემდეგ ათასჯერ გავიარე. ფიორიტოდან „მწვანით“ გავედით (ასე ვეძახდით 28-ე ნომერ ავტობუსს). პომპეიეში 44-ზე გადავსხედით, რათა ლას მალვინასში ჩავსულიყავით. იქ „არხენტინოს ხუნიორსი“ ვარჯიშობდა.

ჩემთვის მაშინ ალსინას ხიდზე გადასვლა ისეთივე შთამბეჭდავი იყო, როგორც მანჰეტენის ხიდის გადაკვეთა. კოკისპირულად წვიმდა. გვითხრეს, რომ მინდორს ვერ გააფუჭებდნენ და თამაში აგვიკრძალეს.

ვფიქრობდი, ბავშვები თუ ავტირდებოდით, ჩვენი ცრემლები ირგვლივ ყველაფერს დატბორავდა. ამ დროს ფრანსისმა, საოცარმა ადამიანმა, რომელიც იქ ყველაფრის გამგებელი იყო, ამაყად განაცხადა: „დონ რიო, საკუთარ თავს პრობლემებს ნუ ვუქმნით, წავიდეთ საავედრას პარკში და ვითამაშოთ.“

ფრანსისი – ფრანსისკო გრეგორიო კორნეხო „ლოს სებალიტოს“ (ნივრები) დამაარსებელი იყო. ამ გუნდში 1960 წელს დაბადებული ბავშვები თამაშობდნენ. მათ იმისთვის აგროვებდნენ, რომ 14 წლის ასაკში „არხენტინოს ხუნიორსში“ გადასულიყვნენ და მე-9 დივიზიონში ეასპარეზათ.

დონ რიო ხოსე ტროტა – ფრენსისის თანაშემწე იყო. ბავშვებს ის საკუთარი პატარა სატვირთო მანქანით დაგვატარებდა.

 

ცაციები უფრო ლამაზად თამაშობენ

საავედრას პარკში ორი გუნდი შეიკრიბა. მე და გოიო ერთად მოვხვდით. მანამდე ყოველთვის მეტოქეები ვიყავით, მაგრამ საერთო ენა მალე გამოვნახეთ და საუკეთესო შთაბეჭდილება დავტოვეთ. შესაძლებლობისთანავე კარში ვურტყამდი. მგონი, ორი გოლი გავიტანე. ფრანსისმა გოიოს თამაშის გაგრძელება უბრძანა. მე კი სერიოზული გამომეტყველებით შემომხედა და მისკენ მიხმო. მას არ სჯეროდა, რომ 9 წლის ვიყავი.

– შვილო, მართლა 1960 წელს ხარ დაბადებული?

– დიახ, დონ ფრანსის.

– ვნახოთ… მაჩვენე შენი საბუთები.

– სახლში დამრჩა.

არ ვიტყუებოდი, მაგრამ არ დამიჯერა. ფრანსისმა მოგვიანებით მითხრა, რომ ცრუპენტელა ვეგონე. იმ დროისთვის ის მამას დაუმეგობრდა. ფრანსისი და რიო ოჯახის წევრებივით იყვნენ. სწორედ ამ ნდობის გამო შევაჩერე არჩევანი „არხენტინოს ხუნიორსზე“. სხვა გუნდი უბრალოდ არ მაინტერესებდა.

შემეძლო „ინდეპენდიენტეში“ ან „ლანუსში“ გადავსულიყავი. „რივერზე“ არც კი ვფიქრობდი.

მარადონა და ბოჩინი

მოთამაშედ ჩამოყალიბებისას ბოჩინიზე ვიყავი შეყვარებული. იმდენად შემიყვარდა, გამოგიტყდებით, ლიბერტადორესის თასზე ბოჩინის „ინდეპენდიენტეს“ ვქომაგობდი. არადა, „ლოს სებალიტოსიდან“ მე-9 დივიზიონში გადასასვლელად ვემზადებოდი. ბოჩინიმ მომაჯადოვა. ბოჩინი და… ბერტონი. მათი საფირმო „კედელი“ სამუდამოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. მათ ფინტებს მსოფლიო ფეხბურთის ენციკლოპედიაში შევიტანდი.

ასევე მომწონდა ბეტო ალონსო, რადგან ის ცაცია იყო. მეჩვენებოდა, რომ ცაციები უფრო ლამაზად თამაშობდნენ. ამ თვალსაზრისით საუკეთესო მაგალითია რიველინო. ჩემი აზრით, იმდროინდელ „ბოკას“ სწორედ ბოჩინი აკლდა. ჯადოსნური მარცხენით ის მცველებს დაუნდობლად ატყუებდა. მე კი ვფიქრობდი:

„შეუძლებელია, ეს ჩემი გონებისთვის მიუწვდომელია. მე ერთ კაცს ვატყუებ, შემდეგ გავრბივარ, რათა პარტნიორს პასი მივაწოდო. „ელ ბოჩა“ კი არსად გარბოდა – მცველებს ელოდებოდა და მათაც იოლად უსწორდებოდა. როცა 16 წლის ვიყავი, ჭორები დადიოდა – მარადონას „ინდეპენდიენტე“ ყიდულობსო. ბოჩინისთან თამაში ჩემი ოცნება იყო.

არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელებს ყურადღებით ვაკვირდებოდი და ბევრს ვსწავლობდი. „ლოს სებალიტოსი“ კი ყველას ამარცხებდა, ვინც გზაზე გადაეღობებოდა. ზედიზედ 136 თამაში მოვიგეთ. ეს ყველაფერი იმ რვეულშია აღნიშნული, რომელიც შემდეგ ფრანსისმა და დონ რიომ მაჩუქეს. იმ პერიოდში გატანილი გოლები რომ ჩავთვალოთ, პელეს გადავასწრებდი. ახლა გადამოწმება რთულია, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან, ძალიან ბევრი გავიტანე. მახსოვს, ჩვენი მოგებათა სერია ნავაროში დასრულდა.

ვთამაშობდი ყოველგვარი დაბრკოლების მიუხედავად. ერთხელ მოედანზე დოლბანდში გახვეული გავედი. ხელზე შვიდი ნაკერი მქონდა. გოიოსთან ერთად შინ ვსადილობდი. ტოტამ სიფონის მონახვა დამავალა. მე და გოიო უმალ გავვარდით. ოთახში დაბრუნებისას მოწყვეტით დავეცი. სიფონი გასკდა და ნამსხვრევებით ხელი დამეგლიჯა. ყველაფერმა გული დამწყვიტა: დამტვრეულმა სიფონმა, დედის შეშინებამ, მამის გალაწუნებამ…

ყველაზე მეტად მეორე დღეს ჩასატარებელ მატჩზე ვწუხდი – შაბათს ბანფილდში ვთამაშობდით. საავადმყოფოში წამიყვანეს. ჭრილობები გამიკერეს და დოლბანდები დამახვიეს. მუმიას ვგავდი.

დილით ბავშვებთან ერთად დონ რიოს სატვირთო ავტომობილით გავემგზავრე. ვშიშობდი, რომ ფრანსისი არ მათამაშებდა და მკაცრად გამკიცხავდა. გასახდელში მან მიხმო და მიხრა:

– მარადონა, ხელზე რა გჭირს?

– წავიქეცი და გავიჭერი დონ ფრანსის. მაგრამ თამაში შემიძლია.

– გაგიჟდი? ამ მდგომარეობაში თამაშს ვერ შეძლებ.

შემოვტრიალდი და სკამზე დავჯექი. რომ არ ავტირებულიყავი, ტუჩებს ვიკვნეტდი. სისხლი წამსკდა. გოიომ დაინახა და ფრანსისთან მივიდა.

– დონ ფრანსის, გთხოვთ, ათამაშოთ. თუნდაც მცირე ხნით. დონ დიეგომაც კი დართო ნება.

ფრანსისმა შუბლი შეკრა და თავისთვის ჩაილაპარაკა: „კარგი, ოღონდ ძალიან ცოტა ხნით“. ცეცხლივით ავენთე. ბევრი მათამაშა და 7:1 მოვიგეთ. ხუთი გოლი მე გავიტანე.

ჩვენს გუნდში რვანომრიანი მაისურით პერფექტო როდრიგესის ვაჟი მონო კლაუდიო ასპარეზობდა. გოიო ცხრა ნომერი იყო, მე – 10, თეთმეტ ნომერს კი პოლვორო დელგადო ატარებდა. როდრიგესის მამას „ჩაკარიტასთან“ კარგი ურთიერთობა ჰქონდა. როცა მე-9 დივიზიონში თამაშის ასაკმა გვიწია, თავისი შვილი მან ამ გუნდში წაიყვანა და საკმაოდ დაგვასუსტა. ასე დაიბადა დაბალი დივიზიონის კლასიკო – ჩვენი „არხენტინოს ხუნიორსი“, პიჩი ესკუდეროსა და მონო როდრიგესის „ჩაკარიტას“ წინააღმდეგ.

ყოველთვის ვიგებდით. ჩვენი შემადგენლობა ასეთი იყო: ოხედა, ტროტა, ჩაილე, ჩამახი, მონტანია, ლუსერო, დალა ბუენო, მარადონა, დურე, კარისო და დელგადო.

 

ასაკი და თაღლითობა

„ლოს სებოლიტოსმა“ დაუვიწყარი მოგონებები შემომინახა. ასაკობრივ თაღლითობასთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმაა. ბრაზილიელები ფეხბურთელებს ასაკს აკლებენ და ახალგაზრდულ გუნდებში ათამაშებენ. მე საპირისპირო ისტორია შემემთხვა.

12 წლისა ვიყავი, დანარჩენებზე სამი წლით უმცროსი. ფრანსისს სათადარიგოებში ვყავდი. თუ საქმე ცუდად მიდიოდა, შეცვლაზე შევყავდი. პირველად ეს „საკაჩისპასის“ სტადიონზე, „რასინგის“ წინააღმდეგ მოხდა. თამაშის დამთავრებამდე ნახევარი საათით ადრე ანგარიში 0:0 იყო. ფრანსისმა მოედანზე შემიშვა, ორი გოლი გავიტანე და მოვიგეთ.

„რასინგის“ მწვრთნელი პოლომინო ფრანსისთან მივიდა და ჰკითხა:

– რა გული გაქვს, ამ ბიჭს სკამზე როგორ სვამ? მოუფრთხილდი, ის გენიოსია.

ფრანსისმა ჩემი საბუთები აჩვენა. პოლომინომ არ დაიჯერა.

„ბოკასთან“ მატჩშიც იგივე გავაკეთე. იმის გამო, რომ ჩვენს დივიზიონებში მიცნობდნენ, სხვა სახელი დავირქვი – მონტანია. 0:3 ვაგებდით. მოედანზე გავედი, გავიტანე და უპირატესობა მოვიპოვეთ. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა და თანაგუნდელებმა ჩემი საიდუმლო გათქვეს. მათ ემოციები ვერ მოთოკეს და შესძახეს – ბრავო, დიეგო!

„ბოკას“ მწვრთნელი ფრანსისთან მივიდა და უთხრა:

– შენ მარადონა დამიპირისპირე. შედეგს არ გავაპროტესტებ. წარმოუდგენლად გაგიმართლა – ეს ბიჭი საოცრებაა!

სასოწარკვეთილებას მაინც ვერ გავექეცი – ერთხელ ჩემი გუნდის ღირსება ვერ დავიცავი. ასაკი არაფერ შუაში იყო. ეს 1971 წელს მოხდა. საერთაშორისო ტურნირის სათამაშოდ ურუგვაიში უნდა წავსულიყავით. საზვარი პირველად უნდა გადამეკვეთა. ვერ წავედი, რადგან პასპორტი არ მქონდა. ტურნირამდე გუნდთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადავიღე – ჩაჩაჩული ტრუსები და უხასიათო სახე ყველაფერზე მეტყველებდა.

გაგრძელება. ნაწილი 4