მარადონას ავტობიოგრაფია - ოთხი-ხუთი ბავშვი ერთ ულუფა პიცას ვყიდულობდით და თანაბრად ვიყოფდით  (ნაწილი 1)
მარადონას ავტობიოგრაფია - ოთხი-ხუთი ბავშვი ერთ ულუფა პიცას ვყიდულობდით და თანაბრად ვიყოფდით  (ნაწილი 1)

2000 წელს საფეხბურთო საზოგადოებამ ძვირფასი საჩუქარი მიიღო – გამოვიდა ავტობიოგრაფიული წიგნი „მე დიეგო ვარ“. დიეგო მარადონა თავის ნაშრომში დეტალურად იხსენებს განვლილ საფეხბურთო გზას.

არგენტინელი ლეგენდა იმდენად გულწრფელად წერს, რომ დღესაც საინტერესო საკითხავია.

მარადონას ავტობიოგრაფიული წიგნი რამდენიმე ნაწილად გავყავით და ჩვენს საიტზე ეტაპობრივად  გამოვაქვეყნებთ.

 

შესავალი

ხმა კუბიდან

ვარ ჰავანაში და ვიწყებ ამ წიგნის წერას. ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტე ყველაფერი მომეყოლა. რატომღაც მეჩვენებოდა, რომ ფეხბურთელობისას ბევრი რამ უთქმელი დამრჩა.

საღამოობით კუბური სიგარის ბოლში გახვეული წარსულს ვიხსენებ ხოლმე. ეს სასიამოვნო პროცესია, როცა შეცდომების მიუხედავად არაფერს ნანობ. წარსულის გახსენება დიდ სისმოვნებას განიჭებს. ამავე დროს წარსულზე ფიქრი საშინელ ტკივილთანაა დაკავშირებული.

გაგონდება, რომ ფსკერიდან ამოძვერი და დაუნდობელ ბრძოლაში ჩაერთე.

 

იცი, სად არის ჩემი ფესვები?

თამაში მინდოდა… მაგრამ არ ვიცოდი, რომელი ამპლუა ამერჩია, რომელი მომანიჭებდა სიამოვნებას. ჯერ მცველი ვიყავი. ყოველთვის მომწონდა ლიბეროს პოზიციაზე თამაში. ლიბერო ყველაფერს უკნიდან უყურებს, მთელი მოედანი მის წინაშეა. გუნდის ბატონი ხარ და შეგიძლია ბრძანებები გასცე: „შენ იქით წადი, შენ საპირისპირო მხარეს გაიქეცი“.

სიმშვიდეს მხოლოდ ფეხბურთი მგვრიდა. ეს შეგრძნება არასოდეს მტოვებდა. მომეცით ბურთი და დიდებულად გავერთობი. მინდა მოვიგო, მაგრამ მსურს, ლამაზად მოვიგო. მიბოძეთ ბურთი და უფლება მომეცით გავაკეთო ის, რაც შემიძლია.  იმიტომ, რომ ხალხისთვის ვთამაშობდი. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

ფიორიტოს უბანშიც ისევე ვფიქრობდი, როგორც შემდგომში: მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად მომიწევდა გამოსვლა „უემბლიზე“ თუ „მარაკანაზე“ 100 ათასი მაყურებლის თვალწინ, ყოველთვის ხალხისთვის ვთამაშობდი.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფიორიტოში ვაგორებდი ბურთს, მეგობრებთან ერთად ყველას და ყველაფერს გამოწვევას ვუგზავნიდი. ჩვენ თვით მზე გამოვიწვიეთ.

მარადონა ფიორიტოს უბანში

დედაჩემი ტოტა, რომელიც მანებივრებდა, მეუბნებოდა: „პელუ (ესპანურად ქოჩორას ნიშნავს), აუცილებლად ითამაშებ… მაგრამ დაელოდე 5 საათს, მზე გადავიდეს.“

ვპასუხობდი: „რა თქმა უნდა, დედა, არ ინერვიულო“.

მეგობარ ნეგროსთან, ბიძაშვილ ბეტოსა და კიდევ ვინმესთან ერთად სახლიდან 2 საათზე გავდიოდი. 2:15 საათზე უკვე ფეხბურთს ვთამაშობდი. მცხუნვარე მზის ქვეშ გამოფიტვამდე დავრბოდით. სხვა არაფერი გვაინტერესებდა, მთავარი იყო, ფეხბურთით მოვმკვდარიყავით.

საღამოს 7 საათზე ცოტას ვისვენებდით, რომელიმე სახლში წყალს ვითხოვდით და ისევ ვთამაშობდით. ბურთს დავდევდით მანამ, სანამ ზეცასა და თვალებში წყვდიადი არ გამეფდებოდა. ახლა, როცა ვინმესგან მესმის, ეს სტადიონი საკმარისად განათებული არ არის, თავს ვერ ვიკავებ – რას ჩივი?! მე წყვდიადში ვთამაშობდი!

არ ვიცი, ვინ ვიყავით – ქუჩის ბავშვები? ალბათ უფრო „პოტრეროსის ბავშვები“ (პოტრეროსი – ბუენოს აირესის ღარიბული უბნის მოუწყობელი მოედნები). მშობლებმა ყოველთვის იცოდნენ, სად მოვეძებნეთ.

ასე ვატარებდით შაბათ-კვირას, სწავლის დღეებში კი თამაშს ხუთის შემდეგ ვიწყებდით. მანამდე სკოლაში უნდა წავსულიყავი და მესწავლა. ჩემს სკოლას „რემედიოს დე ესკალადა დე სან მარტინი“ ერქვა. ფიორიტოს სადგურის წინ მდებარეობდა. სკოლაში იმისთვის დავდიოდი, რომ ჩემი მშობლები არ გამებრაზებინა. დანარჩენი ყველაფერი, თითოეული ჩემი ამოსუნთქვა, ყოველი ნაბიჯი და ფიქრი ბურთთან იყო დაკავშირებული.

თუ ტოტა სადმე გამგზავნიდა, ბურთის მაგვარ ნივთს მატანდა. ფორთოხალს, ნაჭრის გუნდას ან ქაღალდის გორგალს, გზაში რომ გავრთობილიყავი. კენწვლა-კენწვლით ხიდზე ავდიოდი. ბურთს მარჯვენით ვახტუნავებდი, მარცხენით კი ვურტყამდი. ასე დავდიოდი სკოლაში და ვასრულებდი დედის დავალებებს. ქუჩაში გაოგნებული ხალხი ტრიალებდა და მიყურებდა. მათ არაფერი ესმოდათ. ვინც მიცნობდა, არაფერი უკვირდა. ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ, ბიჭუნები, რომლებსაც ყველაფერს ვუყოფდი პიცის ულუფის ჩათვლით.

ოთხნი ან ხუთნი მივდიოდით ლა ბლანკეადაში ალსინას ხიდთან. იქ საუკეთესო პიცას ამზადებენ. ვყიდულობდით ერთადერთ ულუფას და პატარ-პატარა ნაჭრებად ვყოფდით.

გაგრძელება. ნაწილი 2

დატოვე კომენტარი