ბატისტუტა მარადონაზე - ეს სამარცხვინოა, ის მოკვდა როგორც ძაღლი, გვერდით არავინ ჰყავდა #1TVSPORT
„ფიორენტინასა“ და არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, გაბრიელ ბატისტუტამ ლეგენდარულ დიეგო მარადონაზე ილაპარაკა, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა.
„მარადონა ჩემი გმირი იყო. ფეხბურთი რომ არ მყვარებოდა, მაინც დავკიდებდი მის პლაკატს ჩემი ოთახის კედელზე. შემდეგ კი ჩვენ ერთ გუნდში ერთად ვითამაშეთ.
ჩემი პირველი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე იყო საბერძნეთთან, ჩვენ მოვიგეთ 4:0. მე სამი გოლი გავიტანე, მან – ერთი. ეს იყო მისი ბოლო გოლი ეროვნულ გუნდში. ეს დაუჯერებელი იყო, რადგან, როცა სამი გოლი გავიტანე, გავიფიქრე: „როცა მინდორს დავტოვებ, ჟურნალისტები შემომეხვევიან, მკითხავენ, რას ვგრძნობ, დამისვამენ სხვადასხვა შეკითხვას“. მაგრამ ეს არ მომხდარა, რადგან ერთი გოლი დიეგომ გაიტანა და მთელი ყურადღება მასზე გადაერთო. ჩემთვის დიეგო შესანიშნავი ადამიანი იყო, თავისი პრობლემებით, მაგრამ მაინც დიადი. ეს რთული ასახსნელია. ყოველთვის ვცდილობდი მისთვის სიმართლე მეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ 10 წლით ჩემზე დიდი იყო. შესაძლოა, ამიტომაც მცემდა პატივს.
მისი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ცნობილი გახდა ექვსი წლის ასაკში. ის გაიზარდა, მისმა ოჯახმა იპოვნა გზა რთული ეკონომიური მდგომარეობიდან გამოსასვლელად. მე არავის ვადანაშაულებ. ეს რთული ასახსნელია. როცა ახალგაზრდა იყო, „არა“-ს არავინ ეუბნებოდა. ყველაფერი წესრიგში იყო. დიდი შეცდომა მოხდა.
ეს სამარცხვინოა, რადგან დიადი ადამიანი იყო და მარტოობაში გარდაიცვალა. მის გვერდით არავინ იყო. მოკვდა, როგორც ძაღლი. ჩვენ ცოტა გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვეცვა ის. არ მიყვარს ამაზე ფიქრი. საკუთარ თავს ვადანაშაულებ, რადგან შემეძლო მას დავხმარებოდი… თუ შენ ადამიანი გიყვარს, უნდა დაეხმარო მას, როცა სჭირდება. თუმცა მასთან ერთად რთული იყო. ძალიან ნაღვლიანია ეს ყველაფერი და მძიმე გრძნობას ტოვებს.
მან ყველაფერი მომცა, დაუჯერებელი მომენტები. იმედია, მესის ეს არ დაემართება… როცა ისინი მწვერვალზე არიან, არ ჩანს, რომ პრობლემები აქვთ, თითქოს ყველაფერი აქვთ, ყველაფერი კარგადაა. ისინი არ ტირიან… გამოიყურებიან, როგორც სუპერგმირები, მაგრამ სინამდვილეში ადამიანები არიან“, – განაცხადა ბატისტუტამ რიო ფერდინანდის პოდკასტში.