დიეგო მარადონას ავტობიოგრაფია - ბევრი ტირილი მჭირდებოდა, რომ მამისთვის გული მომელბო და ფეხბურთზე გავეშვი (ნაწილი 2)
დიეგო მარადონას ავტობიოგრაფია - ბევრი ტირილი მჭირდებოდა, რომ მამისთვის გული მომელბო და ფეხბურთზე გავეშვი (ნაწილი 2)

ბავშვობამ კარგი მოგონებები შემომინახა. არადა, ვილია ფიორიტო, უბანი სადაც გავიზარდე, მხოლოდ ერთი სიტყვით შემიძლია დავახასიათო: ბრძოლა. ფიორიტოში თუ უფლებას მისცემდი, რომ შეეჭამეთ, არავინ დაგინდობდა. ხოლო თუ იბრძოლებდი, გადარჩებოდი.

მასხოვს, ზამთარში ძალიან ციოდა, ზაფხულში კი აუტანლად ცხელოდა. სამოთახიანი სახლი გვქონდა. ზარიანი კარით ჯერ შიდა სადარბაზოში მოხვდებოდით, შემდეგ უშუალოდ სახლში შეხვიდოდით. სამზარეულოში კერძები მზადდებოდა, რომლებსაც სულმოუთქმელად ვნთქავდით. სამზარეულოშივე ვმეცადინეობდით.

მარჯვნივ მშობლების ოთახი იყო, მარცხნივ – ძმების საძინებელი. ეს ოთახი სიგრძესა და სიგანეში ორ მეტრს არ აღემატებოდა. იქ რვა და-ძმას გვეძინა. წვიმის დროს წვეთებს გავურბოდით, რადგან სახლში უფრო დასველდებოდით, ვიდრე გარეთ. გვქონდა აბაზანა და ნიჟარა, მაგრამ არ გვქონდა წყალი. სწორედ მაშინ დავიწყე „გირებით“ ვარჯიში. ეს „გირები“ საავტომობილო ზეთის 20-ლიტრიანი თუნუქის ცისტერნა იყო.

ამ ცისტერნებს უბნის ერთადერთი წყაროდან წყლის მოსატანად ვიყენებდით. წყალი აუცილებელი იყო, რომ დედას გაერეცხა და საკვები მოემზადებინა. წყალი საბანაოდაც გვჭირდებოდა. ტოლჩით ფრთხილად ვისხამდით, რომ ის სხეულის ყველა ნაწილზე მოდებოდა. ყველაზე რთული თავის დაბანვა იყო. ზამთრობით ვცდილობდით ამ პროცედურას გავქცეოდით.

ფულის საშოვნელად ძალიან ცოტა გზა გვქონდა. მეგობარ ნეგროსთან ერთად პატარა მათარებს ვაკეთებდი და ვყიდდი. რა თქმა უნდა, მქონდა ბურთი! უბრალო საფეხბურთო ბურთი ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიხარულო და სასიამოვნო საჩუქარი გახლდათ. ეს ბედნიერება ჩემმა ბიძაშვილმა ბეტომ მომანიჭა. ბეტო სარატე – დეიდა ნენას ვაჟი. ეს ჩემი ცხოვრების პირველი ბურთი იყო. სამი წლის ასაკიდან მასთან ჩახუტებულს მეძინა.

ყოველთვის ვამბობ, პროფესიონალი ბავშვობაშივე გავხდი. ვიცავდი გუნდის ღირსებას, რომელმაც პირველმა მიმიწვია. ზოგჯერ სახლიდან არ მიშვებდნენ. მაშინ გიჟივით მოვთქვამდი ხოლმე. თამაშის დაწყებამდე ხუთი წუთით ადრე დედა, ტოტა მაინც მაძლევდა წასვლის უფლებას. მამაჩემის, დონ დიეგოს დასარწმუნებლად კი გაცილებით მეტი ტირილი მჭირდებოდა.

მესმოდა ჩემი მოხუცის, ან როგორ შემეძლო არ გამეგო! იმისთვის, რომ გამოვეკვებეთ და გვესწავლა, მამა გმირულად მუშაობდა. უფრო სწორად, თავს იკლავდა. მას ძალიან უნდოდა, რომ მესწავლა. მამაჩემი ფიორიტოში კორიენტესიდან 1955 წელს ჩავიდა. ტოტა იქ უფრო ადრე დასახლდა. დედა ჩემს ახალშობილ დასთან, ანასთან ერთად ჩავიდა დეიდა სარასთან. სწორედ მან უთხრა, რომ ბუენოს აირესში უფრო ადვილი იყო თავის გატანა.

მამა, ჩემს დასთან რიტასთან და ბებია დორასთან ერთად სიახლეების მოლოდინში ჯერ კიდევ ესკინაში ცხოვრობდა. ჰო, ბებიაჩემი საოცარი ადამიანი გახლდათ. მამა დიეგო მაშინ მენავე იყო და დონ ლუპო გვადალუპე გალარსუზე მუშაობდა. როცა წყლის დონე ეცემოდა, მას საქონელი ტივით საძოვრად კუნძულზე გადაჰყავდა. წყლის ადიდებისთანავე, ბოსელში აბრუნებდა. ჩემი მოხუცი მდინარეზე ცხოვრობდა და მისი ყველა საიდუმლო იცოდა. მას უყვარდა თევზაობა, ასადო (არგენტინული მწვადი) და ფეხბურთი. ვერავინ ვერასოდეს მოამზადებს ასადოს ისე, როგორც ამას მამაჩემი აკეთებდა. და კიდევ ერთი – ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ის დიდებულად თამაშობდა ფეხბურთს.

ბოლოსდაბოლოს ტოტამ ქმარს თავისთან უხმო და დონ დიეგო სამუშაოს საძებნელად ბუენოს აირესში გაემგზავრა. სამსახური მალევე იპოვნა – ტრიტუმოლის წისქვილში დილის ოთხი საათიდან, შუადღის სამ საათამდე მუშაობდა.

ყველა ისე იწყობდა ცხოვრებას, როგორც შეეძლო. ეს არ იყო იოლი. ჩემი მშობლები ჯერ ციცქნა სახლს ქირაობდნენ. შემდეგ შედარებით კეთილმოწყობილ, მაგრამ კიდევ უფრო პატარა სახლში გადავიდნენ. ბოლოს კი ასამორისა და მარიო ბრავოს ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე თუნუქის, ხის და აგურსიგან აშენებულ ქოხში აღმოჩნდნენ.

დიახ, ნახევრად დანგრეული ქოხი იყო, მაგრამ ეს ჩვენი საკუთარი სახლი გახლდათ. იქ ელსა, მარია, შემდეგ მე, რაული (ალო), უგო (ტურკო) და კლაუდია (კალი) დავიბადეთ.

ამდენი ადამიანის გამოსაკვებად ჯოჯოხეთური მუშაობა იყო საჭირო. მამაჩემის შრომა თვითმკვლელობას ჰგავდა. ვცდილობდი, პრეტენზიები არ წამომეყენებინა, მაგრამ…

მამას ზოგჯერ უმართლებდა, შედარებით მეტს შოულობდა და ახალ ფეხსაცმელებს მყიდულობდა. მაგრამ ნებისმიერ ფეხსაცმელს მყისიერად ვხევდი, რადგან მთელი დღე ფეხბურთს ვთამაშობდი. ავტირდებოდი, რადგან ფეხსაცმლის დახევის გამო მამაჩემისგან გვარიანად მომხვდებოდა. ამ ისტორიას მშობლის დადანაშაულების გამო არ ვყვები. მაშინ სხვა დრო, სხვა ტრადიციები იყო. ჩემს მოხუცს შვილთან სასაუბროდ დრო არ ჰქონდა, ამიტომ იძულებული ხდებოდა შიგადაშიგ მტკივნეულად მოერტყა.

სახლში მოსულ დონ დიეგოს უნდა დაეძინა, რადგან კვლავ დილის ოთხი საათიდან ემუშავა. გიყვებით და ვაცნობიერებ, რომ მსგავს პირობებში უამრავი ოჯახი ცხოვრობს. რთულ პირობებში არსებობა ჩემთვის დიდი გაკვეთილი იყო. გამოვიბრძმედე და გავძლიერდი, რადგან ფიორიტოში ვცხოვრობდი. გრძნობები არასოდეს შეიცვლება და არასოდეს შევიცვლები მე. მინდა ყველას გადავცე: ის საფეხბურთო კერპები, რომლებსაც ხალხი ეთაყვანება, მათ გვერდით ცხოვრობენ და ისეთივე ადამიანები არიან, როგორებიც თავად. ყველა სისხლისა და ხორცისგანაა შექმნილი. კერპები არა ტელეეკრანებსა და ჟურნალის ფურცლებზე, არამედ აქ, ჩვენს შორის არიან. ამიტომ მუდამ ვიმეორებ: არ ვაპირებ, ვიყო მისაბაძი პიროვნება. მხოლოდ შვილებისთვის  შემიძლია გავხდე სამაგალითო. მხოლოდ მათ მიმართ მაქვს მოვალეობები, მხოლოდ მათ შეუძლიათ განმსაჯონ.

მამის წყალობით არასოდეს მომშივებია. ამიტომ, ძლიერი ფეხები მქონდა, თუმცა გარეგნულად სუსტი ვიყავი. მეზობელი სახლების ბავშვები ყოველდღიურად სათანადოდ ვერ იკვებებოდნენ. ისინი ჩემზე ადრე იღლებოდნენ. ამ თვალსაზრისით სხვებისგან მნიშვნელოვნად გამოვირჩეოდი.

არასოდეს მიფიქრია, რომ ფებურთისთვის დავიბადე. რომ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. ვოცნებობდი ტელევიზორში ვეჩვენებინეთ. როცა ცოტა ცნობილი გავხდი, ხმამაღლა ვთქვი, რომ მუნდიალზე თამაშსა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულზე ვოცნებობდი. იმ დროს ნებისმიერ არგენტინელ ბიჭს ანალოგიური ოცნება ჰქონდა. ვგრძნობდი, როცა ბურთი მქონდა, სხვებისგან განვსხვავდებოდი. ბურთით ნებისმიერი სიტუაციიდან გამარჯვებული გამოვდიოდი.

ნაწილი 1

გაგრძელება. ნაწილი 3