დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი - „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა ვირუსის ინდური ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი - „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა ვირუსის ინდური ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზის გაკეთება ვირუსის ინდური ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა გააკეთა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ფაიზერის“ ვაქცინის ორივე დოზა ვირუსის B.1.617.2 ვარიანტთან მიმართებაში 88 პროცენტითაა ეფექტური, B.1.1.7 ის წინააღმდეგ კი – 93 პროცენტით.

ჰენკოკის თქმით, ეს მონაცემები დამაიმედებელია და მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრის შემდეგ, მთავრობას ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის საშუალებას მისცემს.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, როგორც აღინიშნა, ვაქცინის ორივე დოზა ინდური ვარიანტის წინააღმდეგ 60 პროცენტით ეფექტურია, კენტის ვარიანტთან მიმართებაში კი – 66 პროცენტით. ასევე, აღსანიშნავია, რომ ორივე ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა სამი კვირის შემდეგ, ინდური ვარიანტის წინააღმდეგ 33 პროცენტით ეფექტური აღმოჩნდა.