დიდი ბრიტანეთის ელჩი - სკრიპალების საქმეზე გაბედული ნაბიჯის გამო საქართველოს მადლიერი ვართ
სკრიპალების საქმეზე საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია და მადლიერი ვართ ამ ნაბიჯის გამო – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ჯასტინ მაკკენზი აცხადებს, რომ ეს იყო შეტევა საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებულ სისტემაზე და ამიტომ იყო ასეთი საერთაშორისო რეაქცია, მათ შორის, საქართველოს მხრიდან.
„ერთი თვე გავიდა სერგეი და იულია სკრიპალების სოლსბერიში მკვლელობის მცდელობის შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ეს არის ევროპაში ქიმიური იარაღის გამოყენების პირველი შემთხვევა. ქმედება, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა ბევრი უდანაშაულო ადამიანი, ეს იყო შეტევა დიდ ბრიტანეთზე და უფრო მეტიც, ეს იყო შეტევა საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებულ სისტემაზე, რაც ამყარებს ჩვენს დემოკრატიებს, ჩვენს ბაზრებს და ჩვენს თავისუფლებას, ამიტომ ვიხილეთ ასეთი საერთაშორისო რეაქცია. ამდენი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს რეაქცია.
საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ჩვენ მადლიერი ვართ იმ ნაბიჯით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა. ვართ მადლიერი იმ სოლიდარობით, რომელიც ხელისუფლებამ გამოხატა.
ხელისუფლებასთან ერთად ქართველმა ხალხმა, ქართულმა საზოგადოებამ და მე ვიცი, თუ საიდან მოდის სოლიდარობა. ეს მოდის ყოველდღიური ცხოვრებიდან, რუსული აგრესიით მიღებული გამოცდილებიდან. საქართველოსთვის ამ ნაბიჯის გადადგმა არ არის ადვილი, ამიტომ ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას. ბევრი მიზეზია, თუ რატომ არის რთული.
ძირითადი მიზეზი კი ისაა, რომ რუსული აგრესია საქართველოსთვის ყოველდღიური რეალობაა. ღიად რუსეთის წინააღმდეგ ამ ნაბიჯების გადადგმა საქართველოსთვისაც რისკის ელემენტს შეიცავს და ამიტომ ეს ნაბიჯი გაბედულებასთან და სიმამაცესთანაა დაკავშირებული. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს მოდის ხელისუფლებიდან, მაგრამ ვგრძნობ, რომ ასევე ქართული საზოგადოებიდან“, – განაცხადა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას ჰქონდა საკმაოდ მკაფიო სიგნალი, რომ რუსეთის ქმედებები, აგრესია და რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უგულვებელყოფა მიუღებელია.
„მომავალი კვირების განმავლობაში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან რუსეთთან ურთიერთობების შესახებ ვიმსჯელებთ. გავიგებთ, როგორ იმოქმედებს რუსეთი, რა პასუხი ექნება მას. ჩვენი პოზიცია იქნება მტკიცე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სიძლიერე მოდის იმ ღირებულებებიდან, რომელსაც ვიზიარებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მათ შორის საქართველოსთან ერთად.
ჩვენ ვნახეთ ომი საქართველოში, ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დესტაბილიზაციისა და კონფლიქტის გასაღვივებლად გადადგმული ნაბიჯები, ჰიბრიდული შეტევა გერმანიის ბუნდესტაგზე და რუსეთის ძალიან ბევრი ისეთი ქმედება, რაც ახლა არ მიხსენებია.
ამიტომ იყო საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ასეთი მტკიცე, ერთიანი და ძლიერი. რუსეთის აგრესია, რუსეთის ქმედებები სულ უფრო და უფრო სახიფათოა და საერთაშორისო საზოგადოებამ თქვა, რომ ეს საკმარისია. უნდა გადავდგათ ნაბიჯები და მივიღოთ ზომები რისკების და საფრთხეების შესამცირებლად“, – განაცხადა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.