დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულის და - ჩემი ძმა ამბობს, რომ ტერიტორიის შემოწმებისას აპარატმა ბუნებრივი აირის გაჟონვა არ დააფიქსირა
დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულის და - ჩემი ძმა ამბობს, რომ ტერიტორიის შემოწმებისას აპარატმა ბუნებრივი აირის გაჟონვა არ დააფიქსირა

ჩემი ძმა ამბობს, რომ ყველა წესის დაცვით შეამოწმეს ტერიტორია და აპარატმა ბუნებრივი აირის გაჟონვა არ დააფიქსირა, – ამის შესახებ დიდ დიღომში, კორპუსში აფეთქების საქმეზე დაკავებული თორნიკე ტატიშვილის დამ თეონა ტატიშვილმა განაცხადა. ბრალდებულის ოჯახის წევრები დიდი დიღმის პოლიციასთან იყვნენ მისული, სადაც ადვოკატს შეხვდნენ.

„ჩემი ძმა ამბობს, რომ ყველა წესის დაცვით შეამოწმეს ტერიტორია აპარატით და ყნოსვითაც. პირველი სართულიდან მეცხრე სართულის ჩათვლით, ფეხით ავიდნენ, რადგან ამბობს, რომ არ მუშაობდა ლიფტი იმ მომენტისთვის, ფეხით ავიდნენ, სათითაოდ შეამოწმეს ყველა სართული. არ დაფიქსირდა არც სუნი, არც აპარატმა არ დააფიქსირა გაჟონვა, ამიტომ წავიდნენ სხვა გამოძახებაზე, სადაც ერთ-ერთ გამოძახებაზე ამ აპარატმა დააფიქსირა, რომ იყო გაჟონვა, მოხდა კიდეც რეაგირება. ამ კონკრეტულ მისამართზე არ ყოფილა არანაირი გაჟონვა. მან შეასრულა თავისი მოვალეობა ყველა წესის დაცვით. შემოწმების დროს მათთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც იმყოფებოდა, იმ მომენტში, როდესაც ისინი მივიდნენ, თვითონაც აღნიშნა მოსახლეობამ (რამდენიმე ბიჭი იყო, როგორც ვიცი), რომ ნამდვილად ახლა აღარ არის სუნიო“, – განაცხადა თეონა ტატიშვილმა.

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე დღეს „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს.  შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან „ყაზტრანსგაზის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები – 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ., რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს აღნიშნულ მისამართზე, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შედეგად მივიდნენ.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში 16 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება.  კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ.  აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.