კორპუსში, სადაც 16 იანვარს აფეთქება მოხდა, ექსპერტები ზარალს ითვლიან
კორპუსში, სადაც 16 იანვარს აფეთქება მოხდა, ექსპერტები ზარალს ითვლიან

თბილისში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, სადაც 16 იანვარს აფეთქება მოხდა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები ზარალს ითვლიან.

როგორც საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ განაცხადა, ზარალის შესახებ დასკვნა ორ კვირაში მომზადდება.

„პარალელურად, მიმდინარეობს სამუშაოები გვერდით მდებარე მეექვსე კორპუსში, სადაც 28 ბინაში ფანჯრები გამოიცვალა. ახლა მიმდინარეობს აივნებისა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა ვასაძემ.

გამგებლის განმარტებით, მეექვსე კორპუსში უკვე აღდგენილია ბუნებრივი გაზის მიწოდებაც და მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებელ ბინებს დაუბრუნდა. იმ კორპუსში კი, სადაც აფეთქება მოხდა, მაცხოვრებლების დაბრუნება მხოლოდ კორპუსის სრული შემოწმებისა და შესაბამისი სამუშაოების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

თბილისში, ავთანდილის ქუჩის N8-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო, აფეთქება მიმდინარე წლის 16 იანვარს მოხდა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ასევე დაშავდა 8 პირი, მათ შორის ექვსი ბავშვი.  აფეთქების ფაქტზე „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს.