საქართველოში საფეხბურთო სეზონი მთავრდება
საქართველოში საფეხბურთო სეზონი მთავრდება

საქართველოში საფეხბურთო სეზონი დღეს და ხვალ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრით მთავრდება.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ქუთაისის “ტორპედო” და საჩხერეს “ჩიხურა” ერთმანეთს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 15:15 საათზე დაიწყება – დასწრება თავისუფალია. ფინალური მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ამავე დროს, ხვალ, 3 დეკემბერს, შევიტყობთ, ვინ ითამაშებს ეროვნული ლიგასა და ეროვნულ ლიგა 2-ში და რომელი გუნდები გავარდებიან. ეროვნული ლიგის პლეი-ოფის მატჩში “კოლხეთისა” და “მერანის” შეხვედრა ფოთის „პარკი არენაზე“ მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა მარტვილის ”მურთაზ ხურცილავას სახელობის” სტადიონზე გაიმართება. ბოლნისის “სიონმა” კი შინ ბათუმის “დინამო” 3:2 დაამარცხა
და ბათუმის “რაგბი-არენაზე” ესტუმრება.

ეროვნული ლიგა 2-ს პლეი-ოფის მატჩში “გურია” ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე “თელავს” მიიღებს. ლანჩხუთელები გასვლაზე 1:2 დამარცხდნენ და ლიგაში დასარჩენად მხოლოდ მოგება აწყობთ.

ლიგა 2-ში დაწინაურების დიდი შანსი აქვს “ნორჩი დინამოს”, რომელმაც გასვლაზე “მეშახტე” 2:0 დაამარცხა და თბილისში, “შატილის” სტადიონზე ამ უპირატესობის შენარჩუნებას შეეცდება.