დღეს პოეტ დავით მაღრაძის პოემის, „ჯაკომო პონტის“ აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე გამოცემული თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა
„კავკასიურ სახლში“ დღეს პოეტ დავით მაღრაძის პოემის – „ჯაკომო პონტი“ აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე გამოცემული თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა.
ნაწარმოები ცნობილმა მთარგმნელებმა – მინაზ ლაზბამ, ირმა ოსიამ, ლარისა ტუპწაყვამ და ნაირა ბიპიევმა თარგმნეს.
პოეტის განცხადებით, „ჯაკომო პონტი“ ბევრ ენაზეა ნათარგმნი.
„ბევრ ენაზე გადაითარგმნა ეს წიგნი, მაგრამ ამჯერად, ჩემს მშობლიურ სახლში, კავკასიაში, წარდგება ის მკითხველის წინაშე და ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პოემა „ჯაკომო პონტი“ არის ერთი კაცის მსვლელობა, რომელიც თავის უპირველეს სამშობლოდ თვლის ჰარმონიას და პოემა მოგვითხობს, როდესაც დისჰარმონია იქმნება, რას აპროტესტებს და რას ერთგულობს გმირი“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.
„კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელის, მწერალ ნარია გელაშვილის განცხადებით, თარგმანი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხალხებს სულიერად აახლოებს.
„მეზობელმა ხალხებმა ძალიან ცოტა რამ იციან ერთმანეთის შესახებ, ერთმანეთის კულტურის შესახებ. თარგმანი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან აახლოებს ხალხებს სულიერად, თან ეს კავშირი და ეს ხიდი აღარ ქრება. რაკი დაიწერა ეს წიგნი, ითარგმნა ეს წიგნი, ის კიდევ გამოვა, ახალი თაობები წაიკითხავენ და ეს იმას ნიშნავს, რომ ცრემლი ყველგან ერთნაირია და პოეტის ტკივილიც ყველგან ერთნაირია“, – განაცხადა პრეზენტაციაზე ნაირა გელაშვილმა.
წიგნი იორდანიაში გამოიცა და მკითხველისთვის დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი.
პოემა „ჯაკომო პონტი” დავით მაღრაძემ 2009 წელს დაწერა. ის 10 ენაზეა თარგმნილი, მათ შორის იტალიურად, ინგლისურად, რუსულად.