დევიდ კრამერი - ვფიქრობ, საქართველოს ჯერ ისევ სწორ გზას ადგას, მაგრამ პროგრესი ცოტა შენელდა
დევიდ კრამერი - ვფიქრობ, საქართველოს ჯერ ისევ სწორ გზას ადგას, მაგრამ პროგრესი ცოტა შენელდა

2017 წელს საქართველოში სამჯერ ვიყავი. ჩემი აზრით, ქვეყანა ერთ ადგილზეა გაჩერებული და რთული სათქმელია საით მიდის, – ამის შესახებ „ფრიდომ ჰაუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა, დევიდ კრამერმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველოში, განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, შეშფოთების მიზეზი „ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის მცდელობაა. თუმცა ჩემთვის გაუგებარია, რისი გაკეთება სურს „ქართულ ოცნებას“ ამ გაზრდილი ძალაუფლებით. მთავარი პრობლემა ისაა, რომ საკუთარი ძალის გაზრდით, მმართველი პარტია ოპოზიციისთვის ყოველგვარ შესაძლებლობას ზღუდავს რომ მათ მომავალში არჩევნებით, მშვიდობიანი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება შეძლონ“, – აცხადებს კრამერი.

ინტერვიუში კრამერი საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებს და აფგან მუხთარლის საქმესაც შეეხო.

„საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ ცვლილებების წინააღმდეგი იყო. „ქართულ ოცნებაში“ კი ვფიქრობ, ერთი კონკრეტული ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი – ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული ამ ცვლილებებით. მე იმ შეშფოთებას ვიზიარებ, რომელიც არა მხოლოდ „ფრიდომ ჰაუსმა“, არამედ ბევრმა სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ორგანიზაციამ გამოხატა. ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ ამ საკითხს თვალი ყურადღებით უნდა ადევნოს.

ვფიქრობ, „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ მუხთარლის საქმის ანგარიშში შეყვანა სწორი გადაწყვეტილება იყო. მსგავსი შემთხვევა უკრაინაშიც მოხდა. ეს შემთხვევები იმაზე მიუთითებს, რომ აზერბაიჯანის ავტორიტარული სახელმწიფო აქტივისტების გადაცემის მოთხოვნით საქართველოს და უკრაინას ზეწოლის ქვეშ აქცევს. საქართველოს და უკრაინის მთავრობებმა ეს უნდა გააცნობიერონ, რადგან საბოლოო ჯამში, ეს ორივე ქვეყანაზე უარყოფითად აისახება“, – აღნიშნა კრამერმა.

დევიდ კრამერი ასევე შეეხო „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშებს, NDI-სა და IRI-ს კვლევებს.

„2010-2014 წლებში, როცა მე „ფრიდომ ჰაუსში“ ვმუშაობდი, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობები ამ ანგარიშს ძალიან სერიოზულად აღიქვამდნენ. „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია“ (MCC) ჩვენი ანგარიშების შედეგების გათვალისწინებით საზღვრავდა იმას, აკმაყოფილებდა თუ არა ქვეყანა კრიტერიუმებს გრანტის მისაღებად. შესაბამისად, მთავრობები ცდილობდნენ, მომდევნო წელს უფრო დადებითი შეფასება მიეღოთ იმისთვის, რომ MCC-ის გრანტების მიღება გაეგრძელებინათ.

ანგარიშის გამოსვლასთან ერთად ორგანიზაციის მიმართ ხშირად ისმოდა კრიტიკა, რომ ანგარიშის ავტორებს არ ესმით ადგილობრივი ვითარება, რომ ორგანიზაცია მიკერძოებულია და ასე შემდეგ. თუმცა, ყველა ორგანიზაცია, რომელიც მსგავს ანგარიშებს აქვეყნებს, მსგავსი კრიტიკისთვის მზად უნდა იყოს.

გაცილებით მარტივია გააკრიტიკო ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა “ფრიდომ ჰაუსი,” ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ვიდრე დაფიქრდე იმაზე, თუ რა არის ამ დასკვნების გამომწვევი მიზეზი და მათ გამოსწორებაზე იმუშაო“, – აცხადებს კრამერი.

ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არა, დევიდ კრამერმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ჯერ ისევ სწორ გზას ადგას, მაგრამ პროგრესი ცოტა შენელდა და რთული სათქმელია, საით მიდის ქვეყანა.

„2017 წელს საქართველოში სამჯერ ვიყავი. ჩემი აზრით, ქვეყანა ერთ ადგილზეა გაჩერებული და რთული სათქმელია, საით მიდის. კიდევ გავიმეორებ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახდინა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ძალაუფლება ჰქონდეს.

ვფიქრობ, ქვეყანა ჯერ ისევ სწორ გზას ადგას, მაგრამ პროგრესი ცოტა შენელდა. ქვეყანას სჭირდება დაინახოს, რომ ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი ერთ საკითხზე თანხმდება – რომ საქართველო ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანებისკენ განუხრელად მიიწევს. ასეთი განცხადების გაკეთება ევროკავშირსა და ნატოზე ეთგვარ ზეწოლას მოახდნს, რომ საქართველოსთვის წევრობის შესაძლებლობა დღის წესრიგიდან არ მოიხსნას და რომ მათ გააგრძელონ საქართველოს დახმარება რეფორმების გატარების პროცესში.

თუ საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით უკუსვლაა, ნატოს და ევროკავშირს უკან დახევის საშუალება მიეცემათ. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ საქართველოს ვალდებულებაა, რომ დასავლურ ორგანიზაციებზე ზეწოლა გააგრძელოს.

საქართველო გეოგრაფიულად ძალიან რთულ პოზიციაშია და ამას ვერავინ შეცვლის. შესაბამისად, ქვეყანას დასავლეთის დახმარება სჭირდება რუსეთის ზეწოლისთვის თავის გასართმევად, საზღვრის გადატანის შესაჩერებლად და სხვა.

წარმატების მისაღწევად საქართველოს დასავლეთი სჭირდება, ხოლო წარმატებული საქართველო – რაც სავსებით შესაძლებელია – შედის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის და შეერთებული შტატების ინტერესებში“, – განაცხადა კრამერმა.

ინტერვიუში საუბარი შეეხო „ფრიდომ ჰაუსის“ ყოველწლიური ანგარიშს, სადაც ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსოფლიოში თავისუფლების ხარისხი შემცირდა.

„როგორც თქვენ თქვით, ანგარიშის შედეგი გასაკვირი არ არის. უკვე მე-12 წელია პოლიტიკური უფლებები და საზოგადოებრივი თავისუფლებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლებულობს.

წლევანდელი ანგარიში, განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს. ამერიკამ მსოფლიოში ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე დამცველის როლი შეასუსტა და ამასთან შეწყვიტა იყოს მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის. ვფიქრობ, ეს შეშფოთების ლეგიტიმური მიზეზია. ამის გამო, ისეთი ავტორიტარული ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, პოზიციებს იმტკიცებენ და იერიშზე გადმოდიან“, – განაცხადა კრამერმა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისუფლების შემცირების შეხედულების გაჩენას სხვა ქვეყნებზეც აქვს გავლენა.

„ამაში ეჭვი არ მეპარება. „ფრიდომ ჰაუსი“ ამბობს, რომ ამერიკაში თავისუფლების ხარისხი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში იზღუდება. მაგრამ 2017 წელს ამ მხრივ ყველაზე დიდი უკუსვლა დაფიქსირდა. ამ ყველაფერს კი ის იწვევს, რომ ამერიკის მთავრობა თავს ესხმის ადამიანებს, რომლებიც ადმინისტრაციის საქმიანობაზე ინფორმაციას ავრცელებენ; დაფიქსირდა ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები; იყო შემთხვევები, როცა საზოგადოება პოლიციის მხრიდან ძალადობას აპროტესტებდა – განსაკუთრებით ფერადკანიანი ადამიანების წინააღმდეგ. ეს პრობლემები წლების მანძილზე ყალიბდებოდა.

ამასთან, ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზულად არ იღებს იმას, რომ რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. თავად პრეზიდენტი არაერთხელ დაესხა თავს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. ამ ყველაფერის გავლენა ამერიკის მიღმა ბევრ ქვეყანაში იგრძნობა“, – აღნიშნა კრამერმა.

მისივე თქმით, რუსეთი თავის გავლენას სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევით ავრცელებს.

„პირველ რიგში ამას სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევით აკეთებს. არჩევნების გარდა იყო არაერთი შემთხვევა, როცა რუსეთი ბოტებისა და ტროლების გამოყენებით მტკივნეულ სოციალურ თემებში ჩაერია სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად, ამერიკაში თეთრკანიანთა უპირატესობის მოძრაობის გაძლიერებაში. ამ ყველაფერს კი კრემლი “RT”-სა (ყოფილი რაშა თუდეი) და “სპუტნიკის” გაძლიერებით აღწევს, რასაც მეორეს მხრივ სამხედრო ძალა ერთვის.

რუსეთი დღესაც აწარმოებს სამხედრო აგრესიას უკრაინის წინაღმდეგ, საქართველოში სისტემატურად ვხედავთ მცოცავ ოკუპაციას – განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთის რეგიონში. ასე რომ, რუსეთი რბილ ძალასთან ერთად სამხედრო ძალასაც იყენებს და ხშირად, ამ ორი მეთოდის ერთმანეთისგან გაცალკევება შეუძლებელია. რუსეთი, ბატონი პუტინის მმართველობის ქვეშ, დემოკტარიული სისეტმების დელეგიტიმაციას ეწევა. ვფიქრობ, პუტინის რეჟიმი აღარ ცდილობს რუსეთის იმიჯის გაზრდას, არამედ პირიქით, ცდილობს ყველა სხვა ქვეყანა საკუთარ დონემდე დაამდაბლოს. ამ ძალისხმევას გარკვეული შედეგი უკვე აქვს“, აღნიშნა კრამერმა.