გია ვოლსკი - ვარწმუნებ ყველას, საქართველოს მსგავსი ერთგული დასაყრდენი აშშ-ს და დასავლურ სამყაროს არ ჰყავს რეგიონში, ჩვენი მეგობრობა არ არის განპირობებული პოლიტიკური კეკლუცობით
გია ვოლსკი - ვარწმუნებ ყველას, საქართველოს მსგავსი ერთგული დასაყრდენი აშშ-ს და დასავლურ სამყაროს არ ჰყავს რეგიონში, ჩვენი მეგობრობა არ არის განპირობებული პოლიტიკური კეკლუცობით

ვარწმუნებ ყველას, მათ შორის ამერიკელებს, ელჩსაც და სენატის წევრებსაც, რომ ასეთი სამაგალითო, ერთგული დასაყრდენი, როგორიც საქართველოა, აშშ-სა და და დასავლურ სამყაროს არ ჰყავს ამ რეგიონში და თუნდაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი მეგობრობა არ არის განპირობებული რაღაც პრანჭიაობით და პოლიტიკური კეკლუცობით. ჩვენ ერთად გვიომია და კიდევ დავდგებით ერთად, როდესაც საქმე გლობალურ უსაფრთხოებას ეხება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში პოზიტივს რომ ხედავს, ეს „ქართული ოცნების“ საქმიანობიდან გამომდინარეობს.

ამასთან, ვოლსკიმ დევიდ კრამერის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ გაუგებარია, საქართველომ რა პოზიციიდან დაიხია უკან.

„კრამერის პოზიცია ვიცით. ის არის ამერიკული გვარით ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ლიდერი თუ არა, წევრია რადიკალური ოპოზიციისა. კრამერმა რადგან თქვა, ჩვენ თავი უნდა დავხაროთ და ვთქვათ, რომ დემოკრატიის უკუსვლაა? დღეს სერგო თეთრაძეზე იყო საუბარი. სულ არ უნდოდა იმ კონკრეტულ ადამიანს, რომ შეეყვანათ და დამიზნებულად, დავალების მიხედვით ემოქმედა სადამსჯელო ჯგუფს — კონკრეტული გვარებიც ვიცით — უსასტიკესად ეწამებინათ და წამებაში მოეკლათ. ეს ერთი შემთხვევა ხომ არ არის? ნუთუ არ იცის კრამერმა, რომ ასეთი ასობით შემთხვევა იყო. საიდან დავიხიეთ უკან. მანდ ჩამოვედით ისევ? თუ მაგ მდგომარეობიდან დავიხიეთ უკან?“ – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განცხადებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ევროპული გზისკენ სვლა წარმატებული იყოს.

„ძალიან კატეგორიული და მძიმე ბრალდებები აქვთ პოლონეთის სასამართლოს მიმართ ევროკავშირში, ევროსაბჭოს, ევროკომისიას, სანქციები დაადეს და ჩაუკეტეს ტრანში. რატომ? იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ პოლონეთის ინტერესები უფრო მაღლაა, ვიდრე ევროკავშირის კანონები. მე კი არ ვამბობ, რომ კანონებს უნდა მოვწყდეთ, ჩვენ სინქრონიზაციაზე ვმუშაობთ ამდენი წელია და ბევრი სამუშაოა გაკეთებული. ვიშეგრადის სხვა ქვეყნები ნახეთ, შიგნით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდიც და თვითონ სენატის კომისიაც საქართველოსთვის იღწვიან. ვარწმუნებ ყველას, მათ შორის ამერიკელებს, ელჩსაც და სენატის წევრებსაც, რომ ასეთი სამაგალითო, ერთგული დასაყრდენი, როგორიც საქართველოა, აშშ-სა და და დასავლურ სამყაროს არ ჰყავს ამ რეგიონში და თუნდაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. აქედან გამომდინარე, ჩვენი მეგობრობა არ არის განპირობებული რაღაც პრანჭიაობით და პოლიტიკური კეკლუცობით. ჩვენ ერთად გვიომია, მხარდამხარ გვიომია და კიდევ ერთად დავდგებით, როდესაც საქმე გლობალურ უსაფრთხოებას ეხება. ერთი თემაა, რაც დევიდ კრამერს განსაკუთრებთ უნდა ახსოვდეს, ლომის წვლილი იმაში, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი პოზიტიურს ხედავს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, იმ საქმიანობიდან გამომდინარეობს, რომელიც „ქართული ოცნებამ“ გასწია წლების განმავლობაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.