თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია  – „პუტინიზმის დამარცხება“ მიმდინარეობს.

კონფერენციას მასპინძლობენ „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“. მასში ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და დიპლომატები მონაწილეობენ.

როგორც ჟურნალისტებს ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა განუცხადა, კონფერენცია მერვე წელია, ტარდება და ყველა, ვინც ამ კონფერენციაზე მოდის, არის საქართველოს მხარდამჭერი და მეგობარი.

„გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მიმართ და, რა თქმა უნდა, საქართველო, უკრაინასთან ერთად, ამ რეგიონის სხვა ბევრ ქვეყანასთან ერთად, სერიოზული საფრთხის წინაშეა მოსკოვისგან და ეს გამომდინარეობს პუტინისგან, რომელიც ცდილობს, გააკონტროლოს ამ რეგიონის ქვეყნები, უარყოს მათი დამოუკიდებლობა, მათი სუვერენიტეტი. ჩვენ გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის მიმართ, ბელარუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და, რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ“, – აღნიშნა დევიდ კრამერმა.

ორდღიანი კონფერენცია, რომლის მთავარი თემებია ომი უკრაინაში, ნატო-სა და ევროკავშირის მომავალი და პუტინიზმის საწინააღმდეგო პოლიტიკის შემუშავება, ოფიციალურად დღეს გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეები გუშინ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.