დეპუტატი შოთა შალელაშვილი პრემიერს მიმართავს, მხარი დაუჭიროს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას
დეპუტატი შოთა შალელაშვილი პრემიერს მიმართავს, მხარი დაუჭიროს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შოთა შალელაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს.

დეპუტატი პრემიერს მიმართავს ინიციატივით, მხარი დაუჭიროს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ.

“ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოს მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბატონმა დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ისრაელის სახელმწიფოს მიმართ უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტმა უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ უპირობო მხარდაჭერა გამოხატა.

მოგმართავთ ინიციატივით, რაც შეიძლება მოკლე დროში, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად საქართველოს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელოს. დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, რაც დაადასტურებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას როგორც სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილების, ასევე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ. ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მყისიერად მოუტანს დივიდენდებს ჩვენ ქვეყანას.

მე მჯერა თქვენი, როგორც გონიერი და მტკიცე ხასიათის მქონე პოლიტიკური ლიდერის, რომელიც ადეკვატურ შეფასებას მისცემს საკითხის მნიშვნელობას, სწორად შეაფასებს მის მასშტაბურობას და საქართველო, თქვენი უშუალო მეთაურობით, გახდება უმნიშვნელოვანესი მსოფლიო პოლიტიკური პროცესის მხარდამჭერი და მონაწილე აშშ-თან ერთად”, – ნათქვამია შოთა შალელაშვილის პრემიერისადმი გაგზავნილ ღია წერილში.

მისივე განცხადებით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პარლამენტი მხარს დაუჭერს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.