შოთა შალელაშვილი - კონგრესმენებმა ჩემი მისამართით მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამები დაგმეს და აღნიშნეს, რომ 21-ე საუკუნეში მსგავსი შინაარსის განცხადებები მიუღებელია
შოთა შალელაშვილი - კონგრესმენებმა ჩემი მისამართით მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამები დაგმეს და აღნიშნეს, რომ 21-ე საუკუნეში მსგავსი შინაარსის განცხადებები მიუღებელია

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც შოთა შალელაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავის გვერდზე წერს, კონგრესში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე კომიტეტს წერილობით მიმართა, რის შემდეგაც დაიგეგმა მისი შეხვედრები სხვადასხვა კონგრესმენთან. დეპუტატი ბრაიან მასტს, შეილა ჯეკსონ ლისს, როდნი დევისს, პაულ ქოზარს, სტივ რასელს, ერიკ პაულსს და სხვა კონგრესმენებს შეხვდა.

როგორც შალელაშვილი აცხადებს, ყველა მათგანმა საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების კუთხით მხარდაჭერა გამოხატა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შალელაშვილის მიმართ გამონათქვამებს.

„ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩემი მისამართით გაჟღერებულ გამონათქვამებზე. კონგრესმენებმა დაგმეს მისი განცხადებები და აღნიშნეს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები 21-ე საუკუნეში მიუღებელია.

გარდა ამისა, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს. კონგრესმენები ხაზგასმით აღნიშნავენ საქართველო-აშშ-ის პარტნიორულ ურთიერთობებს მთელ რიგ საკითხებში“, – აცხადებს დეპუტატი.

ამასთან, შოთა შალელაშვილის ინფორმაციით, შეხვედრებზე შეთანხმდა, რომ წელიწადში ორჯერ – საქართველოსა და ამერიკაში ფორუმი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კონგრესმენები, საქართველოსა და ნატო-ს თემაზე მომუშავე ექსპერტები, ასევე დემოკრატიის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები.

„გარდა ამისა, ვისაუბრეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შშმ ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ, რომელიც თბილისში ჩემი ინიციატივით და სახსრებით შენდება, მშენებლობა მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა. კონგრესმენებმა სარეაბილიტაციო ცენტრთან დაკავშირებით აღფრთოვანება გამოხატეს და სოციალური მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს“, – აცხდებს შოთა შალელაშვილი.

დეპუტატის შეფასებით, თითოეული შეხვედრა ნაყოფიერი იყო, კონგრესმენები საქართველოს განვითარებას მტკიცედ უჭერენ მხარს.

„ასევე, მნიშვნელოვანია მათი დამოკიდებულება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ უნდა მოხდეს დეოკუპაცია და დევნილთა ღირსეული დაბრუნება“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრებზე  საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, განვითარების ტემპსა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

დეპუტატის თქმით, კონგრესმენები საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით აღნიშნავენ.