შოთა შალელაშვილი - არ ვიცი, ეს კანონი რუსულია თუ ქართული, აქციაზე ვიმყოფები, რადგან უფრო მნიშვნელოვანი კანონებია მისაღები და იქედან უნდა დავიწყოთ ქვეყნის გაჯანსაღება
შოთა შალელაშვილი - არ ვიცი, ეს კანონი რუსულია თუ ქართული, აქციაზე ვიმყოფები, რადგან უფრო მნიშვნელოვანი კანონებია მისაღები და იქედან უნდა დავიწყოთ ქვეყნის გაჯანსაღება

ყოფილი დეპუტატის, შოთა შალელაშვილის განცხადებით, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე იმყოფება, რადგან მიაჩნია, რომ უფრო მნიშვნელოვანი კანონებია მისაღები, ვიდრე ის, რაც საზოგადოების განხეთქილებას იწვევს.

„აქ ვიმყოფები, რადგან უფრო მნიშვნელოვანი კანონებია მისაღები. მაგალითად, ბარიერის დაწევის საკითხი, რომელიც პირველი მოსმენითაა მიღებული, რაც მოახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას და არა ისეთი კანონები, რომლებიც საზოგადოების განხეთქილებას იწვევს. ამიტომ ვარ აქციაზე“, – განაცხადა შოთა შალელაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

შალელაშვილის თქმით, არ იცის, რუსულია თუ ქართული ეს კანონი, მაგრამ ფიქრობს, რომ ამაზე მნიშვნელოვანი კანონებია მისაღები.

„იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატია არ არის და სასამართლო არ არსებობს, უფრო მნიშვნელოვანი კანონებია მისაღები და იქიდან უნდა დავიწყოთ ქვეყნის გაჯანსაღება. როდესაც სხვა კანონები იქნება მიღებული, ასეთ კანონებს შემდეგ მნიშვნელობა არ ექნება, როდესაც შექმნილი იქნება დემოკრატიული პრინციპების დამცავი მექანიზმები. იმიტომ ვარ ამ კანონის წინააღმდეგ, რომ ჯერ ბევრი აუცილებელი და საჭირო კანონია მისაღები. ეს უადგილოა, იწვევს საზოგადოების განხეთქილებას და ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუჭერ ამ კანონს მხარს“, – განაცხადა შოთა შალელაშვილმა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.